ნანდაური
ნანდაური/წაწალი
შეყვარებული, სასურველი, ადამიანი (ფშავი, ხევსურეთი)
,,ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი.
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი!
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი;
ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი!
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი;
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი!
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი!"
ავტორი - ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური, XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი