გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ხორბალი

ხორბლის სახლი საქართველოა. ფილმია ავტორი - რუსუდან ძნელაძე

ხორბალი


მატერიალური კულტურის ისტორიის შესწავლამ გამოავლინა ისეთი ელემენტებიც, რომლებიც ცივილიზაციის საწყის ეპოქასთან ამა თუ იმ ხალხის თანამედროვე კულტურის გენეტიკური კავშირის მანიშნებელია. ასეთთა რიგს განეკუთვნება ხალხის მრავალსაუკუნოვანი მოღვაწეობის შედეგად შექმნილ მატერიალურ ფასეულობათა შორის კაცობრიობის ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, როგორიცაა კულტურული მცენარეები. ამ უკანასკნელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მარცვლეულ, კერძოდ პურეულ კულტურებს. ისინი საპუძვლად დაედო მიწათმოქმედებისა და, შესათყვისად, ცივილიზაციის წარმოშობა-განვითარებას. მატერიალური კულტურის ამ სფერომ ბოლო დრომდდე შემოგვინახა ევოლუციის ერთიანი ჯაჭვის ცალკეული რგოლები, დაწყებული პირველყოფილი, ველური თუ ინიციალური - ველურიდან კულტურისკენ გარდამავალი და - დამთავრებული მეორადი, მაღალკულტურული, ბუნებრივი და ხალხური სელექციის შედეგად შექმნილ-გაუმჯობესებული ფორმებით. ამ კულტურებთან დაკავშირებულ კვლევა-ძიებათა შედეგად მეცნიერებაში დადგენილია მათი წარმოშობის პირველადი და მეორადი, აგრეთვე, ფორმათა წარმოქმნისა და მრავალგვარობის ცენტრები, რომელთა შორის მთავარი ადგილი უკავია წინაააზიურ ცენტრტს. იგი მოიცავს ამიერკავკასიასაც, რომელიც ითვლება ფორმათა წარმოქმნა-ევოლუციის ცენტრალურ პლაცდარმად და ეპიცენტრად, რის გამოც მეცნიერებაში უკვე საუბარია ხორბლის სახეობის ამიერკავკასიურ გენცენტრზე. ამ უკანასკნელის ფარგლებში კი კულტურული ხორბლისა და მის მრავალსახეობათა თუ ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად საქართველოა აღიარებული.

საქართველომ ტრიტიკოლოგების ყურადღება მიიპყრო არა მარტო იმით, რომ აქ გვხვდება ხორბლის მსოფლიოში ცნობილი სახეობათაგან ყველაზე მეტი, მათ შორის 6 ენდემური სახეობა და ადგილობრივ ჩამოყალიბებული, გარემოს შეგუებული შიშველმარცვლიანი ხორბლის მაღალგანვითარებული ფორმებიც, არამედ იმითაც, რომ მხოლოდ აქ (და არსად სხვაგან მსოფლიოში) შემორჩა კულტურული ხორბლის ევოლუციის ინიციალური ეტაპები; რომ კაცობრიობას შემოუნახა როგორც მეცნიერთა მიერ ფილოგენეზის ერთ-ერთ მონაწილედ მიჩნეული ველური ეგილოპსის (Aegilops), ისე კულტურული ხორბლის უძველესი, საწყისი, პირველადი, პარეოლელიქტური ფორმები. ესენია დღეისათვის კულტურიდან გადავარდნილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ დასავლეთ საქართველოს ფარგლებში გავრცელებული და ამ მხარისათვის ენდემური ჯიშები, უძველესი ხანის რელიქტები - კოლხური ასლი (Tr. paleo-colchicum Men.), მახა (Tr. macha Dek. et. Men.) და ზანდური (Tr. Timopheev Zhuk.), რომლებიც კილიანი ხორბლის ჯიშს განეკუთვნება.

კილიანი ხორბალი. ხორბლის გვარის წარმოშობა-განვითარების ისტორიაში ქრონოლოგიურად პირველი ადგილი უკავია სწორედ კილიან ხორბლეულს, რომელმაც მისცა საწყისი შიშველმარცვლიანი ხორბლის მაღალგანვითარებულ ფორმებს. კილიანი ხორბლის ნიმუშები დამოწმებულია ძველი სამყაროს სხვადასხვა ქვეყნის (შუამდინარეთის, ეგვიპტის, ბალკანეთის, თურქეთის, ამიერკავკასიის, შვეიცარიის) ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ მონაპოვრებში. ნეოლითის ხანის კოლხეთის მასალაში კი აღმოჩენილია ხორბლის მარცვლები, რომლებიც განისაზღვრა როგორც კოლხური ასლი და მახა.

დასავლეთ საქართველოში დამოწმებული Tr. palaeo-colchicum Men. ასლის, ანუ ორმარცვლა კილიანი ხორბლის (Tr. dicoccum) განსაკუთრებული ქვესახეობაა.

ამჟამად ასლი რელიქტური კულტურაა უძველეს სამიწათმოქმედო ცენტრებში ერთ დროს ფართოს გავრცელებული ხორბლის სახეობისა. საქართველოში უძველესი დროიდანვე მის კულტივირებას მოწმობს ქსენოფონტეს მიე ჭანებში, მეორე მხრივ, დაბადების ქართულ თარგმანში ამ პურეულის მოხსენიება.

აღმოსავლეთ საქართველოში ასლი (Tr. dicoccum Schubl), რომლის ნათესები ამჟამად მხოლოდ მთიან რაიონებშიღა, ისიც მეტად მცირე ფართობზე შემორჩა დეა რომლის გავრცელება, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, აქა-იქ დაბლობ რაიონებშიც მოწმდებოდა, ოთხი ვარიაციითაა წარმოდგენილი: თეთრთავა (v. farrum Bayle), წითელი (v. rufum Schubl), ღრუბელა თავთავიანი (v. Flaksbergeri Dekapr.) და შავარშიანკილიანი (v. chevsuricum Dekapr.). ამათგან ცენზონში ჩვეულებრივ თეთრი ასლი ჭარბობს.

ასლის ამ აღმოსავლურ ქართულ საგაზაფხულო ვარიაციებისაგან მკვეთრად განსხვავდება ცალკე ქვესახეობად გამოყოფილი დასავლეთ საქართველოს ასლი. იგი დამოწმებულია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე, რომლისთვისაც წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს ორმარცვლათა ვიკარულ (შემცვლელ) სახეობას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საერთო წინაპრისაგან წარმოშობილი საქართველოს ასლის დასავლრი და აღმოსავლური სახეობანი შორეულ წარსულში გაემიჯნა ერთმანეთს ევოლუციური თვალთახედვით და საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა მათი განსხვავება-თავისებურებანი, რაც, თავის მხრივ, საქართველოში Triticum-ის გვარის სიძველესა და ინტენსიურ ფორმათა წარმოქმნაზე მიგვანიშნებს.

დასავლეთ საქართველოს ასლი თავდაპირველად განისაზღვრა როგორც Tr. dicoccum var. chvamlicum, მაგრამ შემდეგ გეოგრაფიული იზოლაციისა და მკვეთრი მორფოლოგიური განსხვავებების გათვალისწინებით, იგი გამოყოფილი იქნა განსაკუთრებულ ქვესახეობად - Tr. dicoccum ssp. georgicum Dek. et Men. მოგვიანებით კი კოლხეთის ენეოლითური ხანის განათხარ მასალაში მისი მარცვლების მიკვლევამ განაპირობა ამ ხორბლის ცალკე სახეობად გამოყოფა და სახელწოდების - კოლხური ასლი (Tr. palaeo-colchicum Men.) - მიკუთვნება. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ასლთაგან განსხვავებული ეს კულტურა თავთავის აგებულების მხრივ ყველაზე ახლოს დგას ასტურიის ემერის (ასლის) ფორმასთან. გარეგნულ მსგავსებას კი ამჟღავნებს ხორბალ მახას ერთ-ერთ ვარიაციასთან (Tr. imereticum).სწორედ ხორბალ მახას ნათესებში მინარევის სახით გვხვდება, ძირითადად დასავლეთ საქართველოს ანუ კოლხური ასლის, ამ უძველესი ხორბლეულის ნიმუშები. ამიტომაც, ადგილობრივი მოსახლეობა მას ცალკე არ გამოყოფს და არც რაიმე საკუთარი ხალხური სახელიათაა იგი ცნობილი.

ასლისა და მახას მსგავსებაზე მითითება გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში, სადაც პირველად იხსენიება ხორბლის ეს სახეობა. შემდეგი დროის (XIX ს. დასასრული, XX ს.) ავტორებთან დაცული ცნობები მახას შესახებ არაფერს გვაძლევს მისი ბოტანიკური რაობის განსაზღვრის თვალთახედვით. უკანასკნელ ხანებში კი მახა ფართოდ გახდა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში, როგორც კულტურული ხორბლის ინიციალური და რელიქტური სახეობა, რომელიც აერთიანებს ველური და მაღალკულტურული (რბილი და მაგარი) ხორბლეულის სახეობათა კომპლექსს. მახა Triticum-ის გვარის სახეობათა დიფერენციაციის საწყის ეპოქაში წარმოქმნილი ხორბლის პირველადი ფორმაა, რასაც არქეოლოგიურ მასალასთან ერთდ მოწმობს მისი ბიო-მორფოლოგიური შესწავლა, მასში სახეობათაშორისი ნიშნების არსებობა: კილიანობა, მთვრევადათავიანობა, თავთუნების ცვენადობა. მახა წარმოიშვა ველური ხორბლისა და ეგილოპსების გავრცელების არეში. მისი პროტოტიპი (პროტომახა) იქცა ადამიანის მუდმივ თანამგზავრად ჯერ კიდევ შემგროვებლობითი საქმიანობის ხანაში. ახალ პირობებში მოშინაურების, შერჩევისა და მუტაგენური ხასიათის სხვადასხვაგვარ ცვლილებათა შედეგად ამ მცენარეთაგან წარმოიშვა რბილი და მაგარი ხორბლის, აგრეთვე, დიკისა და სხვა მაღაკლულტურული ფორმები.

მახა საშემოდგომო კულტურაა. ვარიაციათა სიმრავლით (გვაწა მახა - Tr. tubalicum Men., ჩელტა მახა - Tr.imereticum Men., ზოგი სახესხვაობა - Tr.letschchumicum Dek. et Men. და სხვ.) აჭარბებს დასავლეთ საქართველოს სხვა ენდემურ კილიანებს. ამასთან, მახას პოპულაციაში გამოვლენილია ბევრი შუალედური და სპელტასთან მორფოლოგიურად ახლოს მდგარი ფორმა, რაც მიგვითითებს ამ სახეობათა ახლო ფილოგენურ კავშირზე, გენეტიკურ იდენტურობაზე. სპელტა კი, მიწათმოქმედების საწყისი ეპოქის არქეოლოგიურ მონაპივრებშია დამოწმებული, ითვლება კულტურული ხორბლის ერთ-ერთ უძველეს სახეობად. ხოლო საქართველოში აღმოჩენილი განათხარი სპელტა ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია. ეს გარემოება კი იმ ფაქტთან ერთად, რომ მისი არქეოლოგიური მონაპოვრები ლოკალიზებულია ოლქებში, სადაც ყველა პირობა იყო მისი ჩამოყალიბებისათვის, ადასტურებს მოსაზრებას სპელტას ადგილობრივი წარმოშობის შესახებ. მართალია, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე არაა ცნობილი მისი ნათესები , მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ სპელტას ჯგუფის თავისებური წევრია მახა და სწორედ მისი სახით მოაღწია ჩვენამდე პირველადმა სპელტამ . ამიტომაც, გასაგებია აკადემიკოს ვ. მენაბდის მოსაზრება, რომლის მიხედვით მახას სახეობას უნდა განეკუთვნებოდეს მიწათმოქმედების ადრეული საფეხურების ბაბილონის, ძველი ეგვიპტის, შვეიცარიის ხამინჯებიანი ნაგებობებისა და ურარტუს არქეოლოგიურ მონაპოვრებში დამოწმებული მარცვლეული. ხოლო მისი განსაზღვრა სპელტად და სპელტისებურად გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სამეცნიერო წრეებისათვის მახა არ იყო ცნობილი 1932 წლამდე. ამ მცენარის აღმოჩენიდან გარკვეული ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ დასავლეთ საქართველოს მეტად ვიწრო არეალში - ძირითადად, ლეჩხუმისა და მისი მიმდებარე ქვემო რაჭის ტერიტორიებზე, ნათესების სახით დამოწმებული ეს კულტურა სხვაგან არსად იყო ცნობილი, მაგრამ არქეოლოგიურმა მასალამ დაადასტურა შორეულ წარსულში მისი გავრცელება სამეგრელოშიც. უკანასკნელ ხანებში კი გამოითქვა მოსაზრება აჭარაში (მაჭახლის ხეობა), ლაზეთში, აგრეთვე დაღესტანსა და ჩრდ. კავკასიის ხალხებში (ბალყარელებში) მისი გავრცელების შესაძლებლობის შესახებაც.

Triticum-ის გვარის პოპულაციის ერთ ინიციალურ ფორმადაა მიჩნეული დასავლეთ საქართველოს მესამე ენდემური ხორბალი - ზანდური. მისი პირველი ხსენება გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში. იგი მოხსენიებულია XVIIIს. უცხოელ ავტორებთანაც და განმარტებულია ერთმარცვალ ხორბლად. ზანდურის ბოტანიკური რაობის საბოლოო დადგენა მოხერხდა მას შემდეგ, რაც მიკვლეულ იქნა მისი ნათესები (XX ს-ის 20-იანი წლებიდან).

ზანდურის პოპულაციაში სპეციალისტებმა თავიდანვე განსაზღვრეს ორი ბოტანიკური სახეობა, რომლებსაც ადგილობრივი მიწათმოქმედიც ასხვავებდა ერთმანეთისაგან. ესენია: გვანა ზანდური (Tr. monococcum L., დიპლოიდური ხორბალი) და ჩელტა ზანდური (Tr. Timopheevi Zhuk., ტეტრაპლოიდური ხორბალი), უკანასკნელ ხანებში კი ბოტანიკოსებმა გამოყვეს მესამე - ჰექსაპლოიდური სახეობა (Tr. Zhukowskyi Men.). სამივე ამჟამად ტრიტიკოლოგების ყურადრების არეშია მოქცეული.

დადგენილია ზანდურის (სამივე სახეობის) გენეტიკური იზოლაცია სხვა კულტურულ ზორბლეულთაგან. იგი ავლენს ნათესაურ კავშირს მარტო კავკასიის ველურ ზანდურთან (Tr. boeoticum, Tr. chaldicum, Tr. araraticum - კავკასიური ველური ორმარცვლა). ზანდური ქმნის მეორე ძირითად მიმართულებას Triticum-ის გვარის ევოლუციაში და განცალკევებულად დგას ამ სისტემაში. უახლესმა ექსპერიმენტულამ დაკვირვებებმა გამოავლინა მისი მონოგენომურობა და Tr. monococcum-დან ავტოპოლიპლოიდიზაციის გზით წარმოშობა-განვითარება. ზანდური საზაფხულო ფორმაა,მარა ითესება გვიან შემოდგომაზე. იგი ამჟამად უკვე გაძევებულია კულტურიდან. მისი გავრცელების არეც ვიწროა და მოქცეულია ზღვის დონიდან 400-500 მ. ზონის ფარგლებში. იგი დამოწმებულია რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთ-სამეგრელოში. სამეგრელოში მას პიტა ქობალი ეწოდება. ზანდურის გავრცელების დაახლოებითი საზღვრებია: ჩრდილოეთით - ცაგერი, ორბელი, ლაილაში, პ. ონი; აღმოსავლეთით - ხვანჩკარა, დღნორისა; სამხრეთით და დასავლეთით - თამაკონი, გორდი, მექვენა, დღნორისა. ადრეულ ხანაში კი მის უფრო დიდ არეზე გავრცელებაზე (კერძოდ, ზემო რაჭაშიც კულტივირებაზე) მიგვითითებს როგორც გიულდენშტეტის ცნობა (XVIII ს.), ისე ადგილობრივი ტოპონიმები.

ზანდური ფაქტიურად არ გაცილებია მისი წარმოშობის არეალს, ხოლო მისი ერთ-ერთი სახეობა - ჩელტა ზანდური (ტაბ. IV, ფ.2) - მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ბინადარია.

მეორე სახეობას - გვაწას კი ახლო წარსულში უნდა ჰქონოდა გავრცელების ფართო არე ქართლში, ოსეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. საქართველოში ამ კულტურის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მომხდარა მისი დიფერენციაცია დასავლურ (Tr. occidentale georgicum Dek.) და აღმოსავლურ (Tr. orientale georgicum Dek.) მორფო-ეკოლოგიურ ტიპებად, რომელთააგან პირველი გავრცელებული იყო ზანდურის პოპულაციაში და დამოწმებულია აგრეთვე იშვიათი მინარევის სახით სხვა ხორბლის ნათესებში (ცაგერი). მეორე კი, რომელიც ქმნის აღმოსავლეთ საქართველოს ერთმარცვალათა სახეობას, ამჟამად გვხვდება სხვადასხვა ხორბლის (მაგარი, რბილი, დიკა, ასლი) ნათესებში მინარევის სახით. ამასთან, ქართლში (სოფ.ერედვი) დამოწმებული Tr. monococcum-ის ბოტანიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ საქართველოს ერთმარცვალათა კულტურული ცენოზი აერთიანებს კულტურულ, შუალედურ და ველურ ერთმარცვალათა ფორმებს. მაშასადამე, ჩვენში ხორბლის თავდაპირველმა ფორმებმა თავის შემადგენლობაში შეინარჩუნა ევოლუციის ძირითადი ეტაპები, დაწყებული ველურიდან - კულტურულით დამთავრებული.

საქართველოს კილიანთაგან მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ასლები (Tr.dicoccum და სხვა ხორბლის ნათესებში მინარევის სახით დამოწმებული Tr. monococcum) ითესება მაღალი მთის ზონაში. კულტურული ხორბლის ინიციალური ფორმები კი - მახა მასში მინარევი კოლხური ასლით და ზანდური - შუა მთის ზოლის მცენარეებია, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს მეცნიერებაში გამოთქმულ მოსაზრებას სამიწათმოქმედო კულტურის პირველადი კერების მთის შუა ზოლში ჩასახვა-წარმოშობის შესახებ.

ხორბლის ყველა ზემოდასახელებულ სახეობასა და ვარიაციას უძველესი დროიდან წარმომავლობის, ისტორიული ხანდაზმულობის გარდა, ახასიათებს სხვა საერთო თვისებების, მათ შორის კილიანობა და მთვრევადთავიანობა. მათი მარცვალი მჭიდროდ ზის ბუდეში - კილში და სიმწიფეში შესვლისას თავთავები მტვრებადი ხდება. ეს ნიშნები მათ აახლოებს ველურ ფორმებთან და განასხვავებს ჩვეულებრივ ანუ შიშველმარცვლიან ხორბალთაგან.

კილიანთა მტვრევადთავიანობამ განაპირობა მათი მოსავლის აღებასთან დაკავშირებით ხერხისა და იარაღის შემუშავება. თუ შიშველმარცვლიანი ხორბალი ნამგლით იმკება, დასავლეთ საქართველოს კილიანების მოსავლის ასაღებად ხმარობდნენ ორიგინალურ საკრეფ, ან უკეთ, თავთავების გადასამტვერევად გამოყენებულ, ხის ორი ჯოხისაგან გამზადებულ იარაღს - შამკვს, რომლის ანალოგი იმავე დანიშნულებით დამოწმებულია ასტურიაში.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ევოლუციის მანძილზე საქართველოს კილიანებმა ნიშანდობლივი ცვლილება განიცადა. თუ მახა ბოლო დრომდე კვლავ მეტად მტვრევადთავიან მცენარედ დარჩა, რომლის მოსავლის აღების ოდნავი დაგვიანებაც კი იწვევს თავთავებისა და თავთუნების ჩაცვენას და მისი მოსავლის აღება მხოლოდ შნაკვითაა შესაძლებელი, აღმოსავლეთ საქართველოს ასლი იმკება და ბოლო ხანებში ზანდურის მკაც დაუწყიათ. ქვემო რაჭაში დამოწმდა ზანდურის საკრეფი მარტივი იარაღიც - ხის დანა, რომლის მეშვეობითაც ძირიანად მოთხრილი პურეულის ჩალას კალოზე წაასხეპდნენ თავთავებს. ამგვარი ხის დანა ჩალას არ აზიანებდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კილიანი ხორბლის რაციონალური გამოყენების თვალთახედვით. სახელდობრ, მახა-ზანდურის, განსაკუთრებით კი გვაწა ზანდურის (რომლის ღერო უფრო მაღალი იზრდება) ჩალას - კოროლს, წარმატებით იყენებდნენ როგორც გლეხის საცხოვრებელი ნაგებობების, ისე კარმიდამოში დამხმარე სათავსოთა სასახურავე მასალად (კოროლისაგან წნავდნენ აგრეთვე ჭილობებსა და პატარა კალათებს). კოროლი, სახურავის ეს ადვილმისაწვდომი, იაფი და ხელსაყრელი მასალა კარგად იყო შეფარდებული ძველი საცხოვრებელი ნაგებობის, ე. წ. შუასახლის, თავისებურებასთან - ქვევიდან შუაცეცხლზე შებოლილი, ზევიდან კი ხავსგადაკრული კოროლის სახურავი დიდხანს ძლებდა, ამავე დროს უზრუნველყოფდა ნაგებობაში თანაბარი ტემპერატურის დაცვას. ამ უკანასკნელ ფაქტს კი საგანგები მნიშვნელობა ენიჭებოდა სამეურნეო სათავსოთა მშენებლობაში, როს გამოც კოროლის სახურავიანი ამგვარი ნაგებობები დიდხანს შემორჩა ყოფას. მაგრამ საბოლოოდ კოროლზე, როგორც სახურავ მასალაზე, მოთხოვნილების დაკარგვამ გამოიწვია ხელოვნური შერჩევის შედეგად ზანდურის ცენოზში საუკეთესო საკოროლე მასალის - გვაწა ზანდურის შემცირება და სიმრავლის ჩელთა ზანდურისკენ - უკეთესი ხორბლის მომცემი ჯიშისკენ, გადახრა; მეორე მხრივ, ზანდურის მკაც - სამეურნეო დანიშნულებადაკარგულ კოროლს ძველებურად სიფრთხილით აღარ ეკიდებოდნენ.

მახა-ზანდურისა და ასლის კილიანობის გათვალისწინებით, ქართული სამიწათმოქმედო კულტურის არეში შეიქმნა ამ პურეულის მარცვალთა ბუდიდან გამოსაფშვნელი იარაღ-მოწყობილობანი - ხისა და ქვის (ხელით, ფეხით, ან წყლის ძალით მომუშავე) საცეხველები და დინგი. კალოზე ლექვის ნაცვლად ხდებოდა ძნელადგამოსაფშვნელ კილიანთა პირველადი დამუშვება წისქვილში დაფქვამდე. კალოზე ან კერის თავზე გაწყობილ ლასტებზე გამხმარი კილიანთა თავთუნები საცეხველში იცეხვებოდა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობა კილიანთაგან გამზადებულ პროდუქტებს. საუკეთესო, ცილის დიდი ემადგენლობის მქონე და ცხობის მაღალხარისხიანი მათი ფქვილისაგან მზადდება კარგი სახაჭაპურე ცომი; პური ნოყიერი, გემრიელი და სურნელოვანია, რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სირბილეს, რაც განსაკუთრებით ფასოვანი იყო ლაშქრობა-მგზავრობის დროს. კორკოტი კი, რომელიც შემორჩა უმთავრესად როგორც სარიტუალო დანიშნულების კერძი, სწორედ კილიანი ხორბლისაგან მზადდებოდა: დასავლეთ საქართველოში ზანდურისაგან, აღმოსავლეთში - ასლისაგან.ამავე დანიშნულებით (ძირითადად საკორკოტედ) მცირე ოდენობით, მაგრამ მაინც ითესებოდა ჩვენში ასლი ბოლო დრომდე. ამჟამად, აქა-იქ საკოლმეურნეო მინდვრებში უმნიშვნელო ფართობები აქვს დათმობილი ამ მომაკვდავ კულტურას.

კილიანებს ახასიათებს სხვა საუკეთესო თვისებებიც: ისინი შიშველმარცვლიანებზე უფრო ამტანი, ჰავის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია, კარგად უძლებს ნესტსა და გვალვასაც; მეტად პლასტიკურია და ადვილად ეგუება ზრდა-განვითარების ყოველგვარ, არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებსაც კი. ცუდ, ხრიოკ, ქვა-ღორღიან-ხირხატ თუ კირ-ქვიან ნიადაგებშიც კარგად გვარობს. ამასთან უფრო ადვილდება მძიმე, პირშეკრულ მიწაში მოყვანილი კულტურის მოსავლის ზემოაღნიშნული წესით აღება - შამკვით კრეფა, მჩატე ნიადაგებში მოწეული ხორბლის თავთავის მოწყვეტა ადვილად გამოიწვევდა კოროლის ძირიანად მოგლეჯა-დაზიანებას, რაც შეუძლებელს გახდიდა მის გამოყენებას მშენებლობაში.

დიდი ფასი აქვს კილიანებს, როგორც სოკოვან დაავადებათა მიმართ იმუნიტეტის მქონე კულტურებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ჩელტა ზანდური. იგი მდგრადია სხვა დაავადებათა მიმართაც.

ამავე დროს, მახა საადრეო კულტურაა; შემოდის სხვა ჯიშებზე 1-2 კვირით ადრე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალი მოსავლის მომლოდინე გლეხისათვის. კილიანებთან დაკავშირებულ საწესჩვეულებო ქმედებათა წყება (კორკოტის დამზადება, წლის პირველი მოსავლის მახით შემოლოცვა, კოროლის გამოყენება ხალხურ დღეობა-დღესასწაულთა რიტუალებში და ა. შ.) სხვა რიგის ეთნოგრაფიულ მასალასთან (კილიანებთან დაკავშირებული შრომის პროცესები და იარაღები) ერთად, არქეოლოგიური და ბოტანიკური მონაცემების გვერდით, თავის მხრივ მიგვანიშნებს ჩვენში კილიანთა კულტურის სიძველეზე. მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ამ ძნელადდასამუშავებელი მარცვლეულის დადებით თვისებებსა და რაციონალურ მოხმარებას, რამაც განაპირობა როგორც მათი გამოყენება საკულტო წეს-ჩვეულებებში, ისე თითქმის ბოლო დრომდე შემორჩენა ყოფაში.

თანამედროვე მეურნეობის წინაშე აღარ დგას ამოცანა მთის რელიეფის პირობებშიც ყოველგვარი უხარისხო, სხვა პურეულისათვის გამოუსადეგარი ნიადაგების გამოყენება-ათვისებისა, აღარც კილიანთა, როგორც მშენებლობაში გამოსადეგ, საადრეო თუ სარიტუალო დანიშნულების კულტურათა მოყვანისა. ამ უკანასკნელმა მთლიანად დაუთმო ასპარეზი ხორბლის უფრო ადვილდასამუშავებელ, მაღალკულტურულ ფორმებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბუნებრივი გარემოს მიმართ უპრეტენზიო, ჩვენი სამიწათმოქმედო ყოფის რელიქტები, მამაპაპური ხორბლის ჯიშები სადღეისოდაც ინარჩუნებს მნიშვნელობას მეცნიერული სელექციისა და ჰიბრიდიზაციისთვის. ისინი შესანიშნავი მასალაა ადგილობრივ პირობებთან შეგუებული, საუკეთესო თვისებების მქონე მაღალხარისხოვანბი ჯიშების შესაქმნელად. ამ მხრივ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ზანდურმა, რომელიც წარმატებით მონაწილეობს საბჭოთა თუ უცხოელი სპეციალისტების - სელექციონერებისა და გენეტიკოსების ექსპერიმენტებში.

შიშველმარცვლიანი ხორბალი. საქართველოში დამოწმებულია ხორბლის ადგილობრივი, მაღალგანვითერებული ფორმების, შიშველმარცვლიანთა იშვიათი სიმდიდრე და ნაირგვარობა. შიშველმარცვლიანთა რიგს განეკუთვნება ტრიტიკუმების ევოლუციის ისტორიაში უძველეს სახეობად მიჩნეული რბილი ხორბალი (Tr. vulgare Vill), რომელიც საქართველოს მემინდვრეობაში ოდითგანვე ერთ-ერთი ძირითადი, უმთავრესი კულტურა იყო. მის ვარიაციათა იშვიათი სიმრავლეა დამოწმებული ამ სახეობის წარმოქმნა-განვითარების ერთ-ერთ ძირითად კერად მიჩნეულ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალისა თუ თითქმის ბოლო დრომდე ყოფაში შემორჩენილი ნიმუშების სახით.

დასავლეთ საქართველოს ნეოლითური და აღმოსავლეთ საქართველოს ენეოლითური ხანის განათხარ მასალებში, სხვა მარცვლეულთან ერთად, აღმოჩენილია რბილი ხორბლის ნაშთები, რაც ჩვენში ამ კულტურის უძველესი დროიდანვე (ძვ.წ-აღ. V ათასწ.) გავრცელების მაუწყებელია. შემდეგ, შედარებით მოგვიანო, მაგრამ მაინც ადრეული ხანიდან (V ს.) მოყოლებული და ჩვენი დროით დამთავრებული გვხვდება წერილობით ძეგლებში ხორბლის ამ სახეობის გავრცელების მანიშნებელი ცნობები.

ქართულმა წერილობითმა წყაროებმა და ყოფამ შემოინახა რბილი ხორბლის ადგილობრივი სახელწოდებები: იფქლი, ირქი (მეგრ.), ითქ, კუეცენ (სვან.), ყანა, ანეული, პური, ძველი პური ან ძველთესლი (პური), ქართული პური, დოლის პური ან დოლი (თეთრი, წითელი, შინდური), დედალი პური, წმინდა, უფხო პური, უფხო ხოტორა, ხულუგო, ხოზო, ხუზალა, პოშოლა, გომბორულა და სხვ. მათი ანალიზი იძლევა ჩვენში ხორბლის კულტურის ისტორიის შესწავლისათვის მეტად ფასოვან მონაცემებსა და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას, სახელდობრ, სახელწოდებების - ძველთესლი, ძველი პური, ანეული და ყანა შესწავლა-ანალიზმა გამოავლინა ჩვენი მიწათმოქმედების ისტორიიდან ის საყურადღებო ფაქტი, რომ საქართველოში პურეულის მოყვანის თავდაპირველი წესი იყო შემოდგომაზე თესვა. საშემოდგომო იყო ხორბლის უძველესი ქართული ჯიშები, მათ შორის რბლი ხორბლის სახეობის, ამ უმთავრესი აბორიგენული კულტურის წარმომადგენელიც - იფქლი.

რბილი ხორბლის ჩვენში გავრცელებული სახელწოდებებიდან იფქლი უძველესია. იგი იხსენიება დაბადებისა თუ სახარებათა ქართულ თარგმანებში, გ. მერჩულეს თხზულებასა და არა ერთ უფრო გვიანი ხანის ძეგლში. და თუმცა დროთა განმავლობაში სიტყვა იფქლი შეცვალა სხვა ტერმინებმა, იგი ბოლო დრომდე შემორჩა (ზოგჯერ შინაარსშეცვლილი) წერილობით წყაროებსა თუ მთის ზონის მოსახლეობის ყოფაში.

ძველი წერილობითი წყაროების მონაცემთა და ყოფაში დამოწმებული ეთნოგრაფიული თუ ლექსიკური მასალის ანალიზმა გამოავლინა, რომ სიტყვას - იფქლი, ჰქონია ზოგადად ხორბლის მნიშვნელობა (სიტყვას - იფქლი - ამგვარივე გაგებით მოგვიანოდ ჩაენაცვლა სახელწოდება პური). ხოლო მას შემდეგ რაც დროთა განმავლობაში მეურნეობის განვითარებასთან ერთად ცხოვრების მოთხოვნილებათა შესაბამისად ხალხურმა სელექციამ გამოიმუშავა ხორბლის საზაფხულო ჯიშებიც, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, სახელწოდება იფქლი იქცა აგრეთვე რბილი ხორბლის საშემოდგომო ჯიშების გამომხატველადაც. მაგრამ, რამდენადაც იფქლი ინარჩუნებდა ზოგადად ხორბლის მნიშვნელობასაც, საჭირო გახდა ამ მარცვლეულის საშემოდგომო ჯიშების შესატყვისი სახელწოდების შემოღებაც. ეტყობა, ეს მისია დაეკისრა სახელწოდებას დოლი და დოლის პური, რომლის პირველი ხსენება დამოწმებულია IX ს. ძეგლში, იფქლმა კი შეინარჩუნა ზოგადად რბილი ხორბლის მნიშვნელობაც,რისი მოწმობაა მთის ზოლში დღესაც რბილი ხორბლის საგაზაფხულო ნათესების იფქლად მოხსენიება. თუმცა ამ შემთხვევაში დადასტურებულია სახელწოდებისათვის - იფქლი ზოგჯერ საგაზაფხულოობის გამომხატველი მსაზღვერლის - დიკა - დამატება (დიკა იფქლი, რაც ნიშნავს - საგაზაფხულო იფქლი ანუ რბილი ხორბლის საგაზაფხულო ჯიში). ამასთან, ამ ნათესებს ეწოდება ახალთესლიც (რაც ისევ საგაზაფხულოს აღმნიშვნელია).

საქართველოში გავრცელებული რბილი ხორბლის ჯიშები (ვარიაციები) და ფორმები ურთიერთისაგან განსხვავდება არა მარტო საშემოდგომოობა-საგაზაფხულოობის ბიოლოგიური ბუნებით ანუ განვითერაბის საშემოდგომო და საგაზაფხულო ციკლით, არამედ მორფოლოგიური ნიშნ-თვისებებითაც. ერთ-ერთი ამგვარი ნიშანია თავთავის ფხიანობა თუ უფხოობა. რბილი ხორბლის უფხო ჯიშების სახელწოდებებია: უფხო პური, ხულუგო / ხულგო, პოშოლა, ხოზო, ხუზალა, ნიქსავრა, გომბორულა და სხვ. ხოლო თავთავის, თავთუხის, ფხისა და თვით მარცვლის ფერის გათვალისწინებით რბილი ხორბლის ვარიაციებს შერქმევია - თეთრი დოლი, წითელი დოლი ან წითელი პური, შინდური დოლი ანუ შავფხა და სხვ.

საქართველოში გავრცელებული რბილი ხორბალი გამოირჩევა განსაკუთრებული პოლიმორფიზმით. დამოწმებულია მისი 32 ვარიაცია და 100-ზე მეტი ფორმა, რომელთა უმეტესობა გამომუშავებულია ყოველი კონკრეტული მიკრორაიონისა და მიკროჰავის თავისებურებათა გათვალისწინებით. რბილი ხორბალი ჩვენში პირველ ადგილზეა გავრცელების მხრივ და მისი ჯიშ-ვარიაციები ქმნის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ხორბლის ნათესების ძირითად ფონს. მხოლოდ იგი გვხვდება მემინდვრეობის გავრცელების ყველა სარტყელში - დაწყებული უდაბლესიდან და უმაღლესი ზონით დამთავრებული. სრულიად განსხვავებულ კლმატურ-ოროგრაფიულ პირობებს შეგუებული რბილი ხორბლის ფორმები გვარობს როგოც ცხელი, ისე ხმელთაშუაზღვის ტენიან სუბტროპიკულ, თუ მთის სტეპებისა და ცივი ჰავის ზონაში (იხ. რუკა). ამის მიხედვით, სპეციალისტები განარჩევენ ხუთ მორფოფიზიოლოგიურ ეკორასას:

1. ქართული ხორბლეულის მშრალი სტეპების ეკორასა (Siccocampestre Flaksb.), რომელშიც შედის განვითარების საანეული, ნახევრადსაანეული და საგაზაფხულო ციკლის მქონე თეთრ და წითელთავა ფხიანი (თეთრი და წითელი დოლი) და უფხო (გომბორულა, პოშოლა) ვარიაციები. ისინი გავრცელებულია ქართლის ტყე-სტეპებსა და კახეთის სტეპების (საგარეჯო-სიღნაღი, კაჭრეთ-წითელი წყარო) ზონაში ზღვის დონიდან 700-1000 მ. ფარგლებში. თავისი გავრცელების ზონაში ამ ეკორასის ფხიანი საშემოდგომო წარმომადგენლები ჯობნის საუკეთესო საკავშირო სელექციურ ჯიშებს, ყველაზე მდგრადია, ამტანია არახელსაყრელი ბუნებრივი გარემოს მიმართ, უძლებს გვალვასა და ცხელი, მშრალი ქარების მოქმედებას.

2. ქართული რბილი ხორბლის ტყიანი შუამთის ზოლის ეკორასის (Prolesmedio-montano-silvaticum Men.) წარმომადგენლები უმთავრესად საშემოდგომო ჯიშებია (თეთრი და წითელი დოლის პური), რომლებიც გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. გვხვდება საგაზაფხულო ფორმებიც (დიკა-იფქლი, ახალთესლი). გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ტყიანი მთის ზოლში ზღვის დონიდან 1250-1350 მ. სიმაღლემდე. უკავია მესხეთის, ქართლის შუამთის ზონის (დმანისი, თეთრი წყარო, მანგლისი, თიანეთი, დუშეთი), სამხრეთ ოსეთისა და კახეთის ყანები.

3. კახეთის ხორბლის ეკოლოგიურ-გეორგაფიული შტო (Plores mesacocheticum Mem.) აერთიანებს კახეთის ტენისნი ზონის ხორბლეულს, რომელთა გავრცელების არეა ზღვის დონიდან 750-850 მ.-მდე მინდვრები ლაგოდეხის, ყვარლის, თელავისა და ნაწილობრივ გურჯაანის რაიონებში. აქ მეტადაა გავრცელებული განვითარების საგაზაფხულო და ნახევრად საშემოდგომო ციკლის მქონე ჯიშების შემდეგი ვარიაციები: რაჭულა, გელათურა, უფხო, ხოტორა, ხულუგო, გრძელთავთავა. ფხიანი საშემოდგომო ჯიშებიდან კი ითესება (ძნელად სალეწი) დოლის პური, თეთრი დოლი, შემოდგომის პური.

4. კოლხური ხორბლის შტო (Proles colchicum Men.). თავისი ბუნებით ამ ჯგუფის წარმომადგენლები ახლოს დგანან კახური ეკორასის ხორბლეულთან. მაგრამ ამასთანავე, მთელი რიგი განსხვავებული ნიშან-თვისებების გამო, ცალკეა გამოყოფილი. კოლხურ ხორბლეულს ახასიათებს მკვეთრად გამოსახული საშემოდგომოობა, კარგი ყინვაგამძლეობა და იაროვიზაციის გრძელი პერიოდი. გვხვდება საგაზაფხულო ფორმებიც. დამოწმებულია ადგილობრივ გავრცელებული ხორბლეულის შემდეგი სახელწოდებები: იფქლი, პური, ძველი პური, ჩვენებური პური, შინაური პური, წმინდა პური, დოლის პური, ხულუგო, პოშოლა.

5. მაღალმთის ხორბლის ეკორასა (Proles hypermontaneum Men.), რომლის ვარიაციები ითესება ზღვის დონიდან 1400 მ. ზევით და აღწევს მემინდვრეობის უკიდურეს მაღალ საზღვარს (2100-2300 მ-ს ზღვ. დონიდან). ამ ჯგუფის ჯიშობრივი შემადგენლობა შეზღუდულია. ძირითადად გვხვდება 1-2 პოპულაცია, რომელიც მოიცავს 2 სახეობრივ კომპონენტს - Tr. vulgare-ს და Tr. ibericum-ს, ე. ი. რბილი ხორბლისა და დიკის ნათესთ ნარევი, ცნობილი სახელწოდებით - დიკა ჯავახური და დიკა იფქლი. განსაკუთრებული ოროგრაფიულ-კლიმატური პირობების შესატყვისად ეს ხორბლები საგაზაფხულო ჯიშებია. გავრცელებულია წალკა-ჯავახეთისა და დიდი კავკასიონის არეში.

ჩამოთვლილი ვარიაციებიდან, ჯერ კიდევ ართ თუ ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენს მემინდვრეობაშო დომინირებდა ფხიანი საშემოდგომო ჯიშები, რომლებიც წარმოადგენს ხორბლეულის გავრცელების ძირითადი ზონების (დაბლობი, მთის ძირი და მთის შუა ზოლი) მთავარ კულტურას. ამ ჯიშებიდან გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე იყო დოლის პური - ქართველი მიწათმოქმედის მრავალსაუკუნოვანი შრომისა და მოღვაწეობის, გულმოდგინე შერჩევის შედეგად შექმნილი ხორბალი. მისი ვარიაციები ხშირ შემთხვევაში გამოყვანილია ამა თუ იმ მიკრორაიონის ბუნებრივი გარემოს თავისებურებებთან შეფარდებით და ქმნის გარკვეულ - როგორც სარწყავი, ისე ურწყავი ოლქებისათვის, ცხელი, ტენიანი თუ მთის რეგიონებისათვის ჩამოყალიბებულ - ეკოტიპებს, ასეთებია, მაგალითად, თიანეთურიო დოლი, მესხური დოლი, კახური დოლი და სხვ.

სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურისა და ეთნოგრაფიული მონაცემები დოლის პურს - ამ ყველაზე პოლიმორფულ, რთული ბოტანიკური შემადგენლობისა და საინტერესო, ნაირგვარ ჰიბრიდთა შემცველ ჯიშს - ახასიათებს როგორც შესანიშნავ, მაღალხარისხიან ხორბალს, რომელიც მრავალი ნიშან-თვისებით ჯობია საუკეთესო სტანდარტულ ჯიშებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ქართლში ყველაზე კოსმოპოლიტური და მეტი ფართობის მომცველი თეთრი დოლი - გარემოს კარგად შეგუებული, მალე შემომსვლელი და მაღალხარისხიანი ამ ხორბლის ვარიაციები ნაკლებ მომთხოვნია ბუნებრივი პირობების მიმართ; სხვა ჯიშებზე უკეთ უძლებს ამინდის ცვალებადობას, ტემპერატურის მერყეობას, ზამთრის ყინვებსა და ზაფხულის გვალვას; არ უჩნდება გუდაფშუტა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი თესვის ვადები ზუსტად იქნება დაცული. ამ მხრივ დოლის პური თავისებური, განსხავებული ჯიშია. თუ საქართველოში ცნობილ ხორბალთა უმეტესობა ორბუნებოვანია, ახასიათებს განვითერების როგორც საშემოდგომო, ისე სგაზაფხულო ციკლი, თუ სხვა საშემოდგომო ჯიშები ითესება როგორც გვიან შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზეც, დოლი ამ მხრივ სგანგებო პურეულია. იგი მხოლოდ და მხოლოდ საშემოდგომო ჯიშია. გაზაფხულზე ნათესი ვერ გვარობს და უნდა დაითესოს უეჭველად ადრე შემოდგომაზე (აგვისტოს მეორე ნახევრიდან - ოქტომბრის პირველ ნახევარში რაიონების მიხედვით), რათა მოასწროს აჯეჯილება და ფესვმომაგრებული შეხვდეს ზამთარს. გვიან დათესილი ვეღარ ბარტყობს, გაცილებით უფრო სუსტი და ნაკლებ საიმედო ნათესი ამოდის, ერევა გუდაფშუტა. ამ ჯიშის ეს თვისება აისახა მის სახელწოდებაში; დოლის პური, რაც ნიშნავს გარკვეულ ვადაზე დასათეს პურს. მარცვლეულთან დაკავშირებით სიტყვა დოლი, ხალხური გააზრებით, საშემოდგომოს აღმნიშვნელადაა მიჩნეული.

დოლის პური კარგად ეგუება მძიმე, ღარიბ ნიადაგებს, გვარობს სარწყავ და ურწყავ ზონებშიც. თუმც სარწყავში მოსული დოლის პურის მარცვალი უფრო მსხვილი, მსუყეა და მოსავალიც კარგი აქვს, მაგრამ თვით პურის ხარისხის, გემო-სურნელისა და ცხობისუნარიანობის თვალთახედვით მოსახლეობა ურწყავის მოსავალს ამჯობინებს. ამიტომ, დოლის პურის ყანებს უთმობდნენ მეტად მცირე სარწყავ ფართობს.

დოლის პურს ახასიათებს ძლიერი დაბუჩქება, ჩაცვენისადმი, აოდვისა თუ ზოგი დაავადების მიმართ მდგრადობა და, შესატყვისად, მოსავლის არმოცდენის, მოწევის მეტ გარანტიას იძლევა. ამიტომ, ხშირად არახელსაყრელი ამინდის დროს იგი მოსავლიანობით ჭარბობს კიდეც ხორბლის სხვა, უხვმოსავლიან ფორმებსაც. დოლის პური ძლიერი ჯიშია. იგი თავის გავრცელების ზონებში არა თუ არ უათმობდა პირველობას სხვა ხორბალს, არამედ ძლიერი დაბუჩქების უნარისა და გარემოპირობებთან უკეთ შეგუების შემწეობით ჩაგრავდა კიდეც ქართლის დაბლობისათვის, განსაკუთრებით, ქვემო ქართლის ზოგი რაიონისათვის (ბოლნისი-მარნეული, გარდაბანი, თბილისის შემოგარენი) მთავარ კულტურად მიჩნეულ თავთუხს. ამ უკანასკნელის ყანები 2-3 წლის ზედიზედ შემოდგომით თესვის შემთხვევაში გადაჯიშდებოდა - "გადადოლდებოდა" ხოლმე.

დოლის პურს ახასიათებს აგრეთვე მაღალი დაფქვისა და ცხობისუნარიანობა. იგი ზელაში იმატებს. მისი ცომი ძარღვიანი, ღვედიანი, გამწევია. მისგან ცხვება მეტად გემრიელი, სურნელოვანი პური, რომელსაც სირბილეს მატებდა მისი ნათსების დამსარევლიანებელი ჭვავი (უპირატესად მთში) და მახობელა (უპირატესად ბარში). ამის გამო ამ უკანასკნელთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამომცხვარ პურს ამუქებდა, მცირე ოდენობით გლეხი შეგნებულად ურევდა დასაფქვავად გამზადებულ დოლის პურს. სწორედ დოლის პურის განსაკუთრებული სირბილის გამოა, რომმის ფქვისლ ხმარობდნენ თათარისა და ჩურჩხელისათვის.

დოლის პურს ახასიათებს ზოგი არასახარბიელო თვისებაც: ჩაწოლა, ძნელად ფშვნადობა; ქართლის დოლი ავადდება ჟანგათი. თუ ზოგი რაიონის დოლის პური მსხვილმარცვლიანია (თიანური), ზოგი შედარებით წვრილმარცვლიანია. მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა ეს ნაკლი, რომ ვერ ჩრდილავს ზემოთჩამოთვლილ მის დადებით თვისებებს, რომლებმაც განაპირობა ამ კულტურის უპირატესი როლი ქარეთველთა მეურნეობაში და რომელთა გამოც მას, როგორც ჩვენი მემინდვრეობის მთავარ, უხვმოსავლიან, მაღალხარისხან, გამძლე, გარემოპირობებთან შეგუებულ ჯიშს, ხალხმა დედალი პური შეარქვა. ამავე თვისებების გამოა, რომ რომ დოლის პურთან ერთად სხვა ჯიშების გავრცელების შემთხვევაშიც სარიტუალო დანიშნულებისათვის- სანათაუროდ (ზედაშედ) ინახავდნენ სწორედ დოლის პურს. დოლის პური, ძირითადად, აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთის რაიონების ხორბალია. დოლის პურის გავრცელების არეში მისი თანმხლები მატერიალური კულტურის ელემენტებია: ქართული დიდი გუთანი, ნამგალი, კევრი და თორნე.

დასავლეთ საქართველოში დოლის პური გვხვდება, მაგრამ მცირე ფართობზე. დამოწმებულია სვანეთში, აგრეთვე რაჭაში, აჭრაში (შედარებით დაბალ ზონაში და ისიც ნაკლებმოსავლიანია).

დასავლეთ საქართველოს ნათესებში გავრცელებული რბილი ხორბლის საშემოდგომო ვარიაციები ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით: იფქლი, იგივე ჩვენებური პური, შინაური პური, ძველი პური, შემოდგომის პური, პური, ტრედისფერა, ყირმიზა და სხვ.

იფქლიც (იგივე პური) ხასიათდება კარგი ცხობისუნარიანობითა და მაღალმოსავლიანობით; მსხვილმარცვლიანია და თავთუნში აქვს მარცვლების დიდი რაოდენობა. იგი ტენისმოყვარულია, ტყის ზოლის მცენარეა, შედარებით საგვიანო ჯიშია.

დასავლეთ საქართველოში იფქლი შეესატყვისება ამ სახელწოდებისა და ხორბლის ამ ჯიშის თავდაპირველ მნიშვნელობას (რბილი ხორბალი) და ბუნებას (იგი საშემოდგომოა), აღმოსავლეთ საქართველოში შემორჩენილი ეს სახელწოდება მოწმდენა ასევე რბილი ხორბლის ნათესებთან კავშირში, ოღონდ აქ იგი გაზაფხულზე ითესება. ე. ი. მომხდარა ხორბლის ძველქართული ჯიშის შეგუება მაღალმთიან ზონებთან, მისი ბუნების საგაზაფხულოდ გადაკეთება. ხოლო ხორბლის ძველქართული სახელის - იფქლი - აქ შემორჩენა მოწმობა უნდა იყოს იმისა, რომ მთის მაღალი ზონის სამიწათმოწმედოდ ათვისებაც შორეულ წარსულს განეკუთვნება.

აღმოსავლეთ საქართველოს იფქლი ზიანდება სოკოვანი დაავადებით. საგაზაფხულო იფქლი ხშირად მთის ხორბლის - დიკის ნათესებშია შერეული (წალკა-თრიალეთი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი - ზემო ფშვ-ხევსურეთი).

ბოლო ხანებში შემოვიდა ადესის სახელით ცნობილი რბილი ხორბალი, რომელმაც ადგილობრივ მეურნეობაში ვერ მოიკიდა ფეხი. თითქმის მთელ საქართველოშია ცნობილი რბილი ხორბლის ჯგუფის უფხო წარმომადგენლებიც, რომელთა გავრცელების არე და სათესი ფართობი შედარებით შეზღუდულია. გვხვდება ამ ხორბლის წითელი და თეთრი ვარიაციები, საშემოდგომო და საგაზაფხულო ფორმები. ამასთან მისი საგაზაფხულო ფორმები უკეთ გვარობს შემოდგომაზე დათესილი (რაშიც, ეტყობა, მჟღავნდება მიდრეკილება მისი თავდაპირეველი ბუნებისაკენ).

ხულუგო ტენისმოყვარეა, ვერ უძლებს გვალვას. ამიტომ, ცუდად გვარობს აღმოსავლეთ საქართველოში (აქ იგი ცნობილია სახელწოდებებით: რაჭულა, ხოტორა, უფხო). კარგია მისი ნათესები რაჭა-ლეჩხუმში. შესაფერისი ამინდის შემთხვევაში იგი მაღალმოსავლიანია. ხულუგო მსხვილმარცვლიანი, დიდთავა, გემრიელი, თეთრი პურის მომცემი ჯიშია, ოღონდ უფხოობის გამო ადვილცვენადი და მავნებელთაგან ძნელი დასაცავია. მისი პურიც, ისევე როგორც დოლისა და იფქლის, ძარღვიანია.

პოშოლა, იგივე უფხო ან ახალთესლი, გვხვდება დასავლეთ საქართველოშიც (რაჭა-ლეჩხუმი), მაგრამ მისი გავრცელების ძირითადი არეა აღმოსავლეთ საქართველო. იგი ბარაქიანი, უხვმოსავლიანი ხორბალია, ოღონდ ქარიან ადგილებში ვერ გვარობს, იბერტყება. ადვიალდ ცვვია ბუდიდან დამწიფებისასაც და მოითხოვს უეჭველად დროულად მომკას.

საქართველოში დამოწმებულია აგრეთვე რბილი ხორბლის ქვეჯგუფის - ე.წ. ქონდარა ხორბლის (Tr.compactum Host.) წარმომადგენლები. ამ ჯიშის უძველესი ნაშთები, დათარიღებული ძვ.წ.ა. V ათასწლეულით, აღმოჩენილია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. მაგრამ ეტყობა, ჩვენში ამ ხორბალს არ ჰქონია დამოუკიდებელი სამეურნელ მნიშვნელობა, არ იყო ცნობილი მისი ცალკე ნათესები. იგი მხოლოდ მინარევის სახითაა დამოწმებული როგორც რბილი ფხიანი, ისე მაგარი ხორბლის ნათესებში (უფხო ნათესებში არაა). ამიტომაც, ქართველთა ლექსიკაში არ მოწმდება მისი ადგილობრივი ხალხური სახელი. მხოლოდ ბოლო დროს სპეციალისტებმა ზოგ რაიონში (თეთრი წყარო, დმანისი, თბილისის შემოგარენი) უმნიშვნელო ფართობზე დაამოწმეს რამდენიმე ნათესი "კარახანას" ან "კამჩატკას" სახელით ცნობილი ქონდარა რბილი ხორბლისა, რომელსაც სამხრეთიდან შემოტანილად თვლიან.

რბილი ხორბლის ნათესებში ბუნებრუვი მინარევის სახით მოწმდება აგრეთვე ჭვავის გავრცელება. თუმცა ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ამგვარი (დოლჭვავი), ისევე როგორც წერისა და ხორბლის (ქერჭრელი) შერეული ნათესის შეგნებულად კულტივირების პრაქტიკასაც. ამ უკანასკნელის ფესვები შორეული წარსულიდან მომდინარეობს და იგი ერთ-ერთ საყურადღებო აგროტექნიკურ ღონისძიებადაა მიჩნეული.

თვით შერეული ნათესების მოსავლის, ისევე როგორც ცალ-ცალკე დათესილი და შემდეგ ერეთმანეთში არეული ხორბლისა და ქერის ან ხორბლისა და ჭვავის ფქვილისაგან გამომცხვარი პური ქართველი მეურნის ყოველდღიური საკვები იყო. სუფთა, ვავ ან ქერშერეული ხორბლის მარცვალსა და ფქვილს, უმთავრესად, იყენებდნენ საგანგებო შემთხვევებში - კორკოტ-წანდილისათვის, ხინკლისათვის, პურისა, ქადა-ხაჭაპურისა და სხვა ამგვარი ნამცხრებისათვის, სტუმრიანობა-დღესასწაულების დროს და სარიტუალო დანიშნულებით. ქერშერეული ან ჭვავშერეული მარცვლისა და ფქვილისაგან (ქერჭრელი) განსხვავებით, სუფთა ხორბლის მარცვალსა და ფქვისლ, თუ მისგან გამომცხვარ პურს შეერქვა წმინდა. ეს სახელწოდება მოწმდება ძველქართულ წერილობით ძეგლებში; ყოფამ კი ბოლო დრომდე შემოგვინახა იქ, სადაც ქერშერეული ან ჭვავშერეული ხორბლის ნათესები იყო გავრცელებული და ცხვებოდა შერეული ფქვილის პური. ხორბლისა და ფქვილის მნიშვნელობით სიტყვის - წმინდა - ხმარება სახელწოდებასთან - ქერჭრელი - დაპირისპირებით წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ აისახა ქართული ენის ლექსიკაში ჩვენს სამიწათმოქმედო ყოფაში ოდითგან დანერგილი გონივრული აგროტექნიკური ღონისძიება - შერეული მარცვლის თესვა.

რბილ ხორბალს მორფოლოგიურად ემსგავსება საქართველოს მემინდვრეობის მეტად საინტერსო და უძველესი კულტურა, სამეცნიერო ლიტერატურაში თავდაპირველად Tr. persicum-ის საზელით შესული დიკა, რომელმაც მკვლევართა საგანგებო ყურადღება მიიპყრო. სპეციალური კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ დიკა გენეტიკურად მაგარი ხორბლის ჯგუფს განეკუთვნება და რომ იგი ენდემურია საქართველოსათვის. ამიტომ, მას შესატყვისად ეწოდა Tr. ibericum.

დაბადების ქართულ თარგმანში მოხსენიებული ხორბლის ამ სახეობის ჩამოყალიბებას ადგილი ჰქონდა საქართველოს მთის მიწათმოქმედების პირობებში. დიკა ადგილობრივი მეურნეობის ხალხური სელექციის საუკეთესო ნიმუშია. მთაგორიანი საქართველოს პირობებში, ადგილობრივი მიკროკლიმატის გათვალისწინებით, მაღალი მთის ზონის საცხოვრებლდ და შესატყვისად, სამეუნეოდ ათვისებამ განაპირობა ხორბლის საგაზაფხულო ჯიშების შექმნა-გამოყვანა. ამიტომაც, დიკის სახით ჩამოყალიბდა ეკოლოგიურად მთის პირობებს შეგუებული, საგაზაფხულო ფხიანი ხორბალი, რომელიც ბატონობს იმ არარეალურში, სადაც გეოგრაფიული გარემოს გამო შეუძლებელია პურეულის ძველქართული საშემოდგომო ჯიშების მოყვანა.

პურეულს შორის გავრცელების მასშტაბების მხრივ დიკას მეორე ადგილი უკავია რბილი ხორბლის ფორმების შემდეგ. მისი ნათესები გვხვდება ზღვის დონიდან 750 მ-ის სიმაღლიდან. მაგრამ დიკის გავრცელების ძირითადი არე მაინც ზღვის დონიდან 1000 მ-დან იწყება. 1500-2000 მ. შორის ზონაში მას გაბატონებული ადგილი უკავია. ამაზე ზევითაც, ხორბლის გავრცელების უკუდურეს საზღვრამდეც (2300 მ), დადასტურებულია დიკა, ოღონდ ამ არეალში იგი უკვე აღარაა დამოუკიდებელი ნათესების სახით, არამედ წარმოდგენილია რბილი ხორბლის საგაზაფხულო ფორმებთან შერეულად. რბილი საგაზაფხულო ხორბლისა და დიკის ერთ-ერთი ასეთი პოპულაცია ცნობილია ჯავახური დიკის სახელწოდებით. საგაზაფხულო ხორბლის ნათესთან ამდაგვარ ცენოზში (Tr. ibericum და Tr. vulgare Vill) თანაფარდობა, ჩვეულებრივ, ცვალებადია.

დიკა ფორმათა დიდი მრავალგვარობით გამოირჩევა. იგი იყოფა მთიანი ტყის ზოლისა და მთა-სტეპების ეკოტიპებად. ამათგან, პირველი შეფარდებულია კავკასის მთავარი ქედის ქვედა ზოლთან (900-1400 მ) და პოპულაციაში ჭარბობს გვიანშემომსვლელი შავთავა (Tr. fuligenosum Zhuk), ნაკლებ გვალვაგამძლე ფორმები. მისი სუფთა ნათესებია ფშავში. იგი ფონს ქმნის თრიალეთის, მანგლის-მარნეულის ნათესებში, ხოლო მეტნაკლები მინარევის სახით გვხვდება დიდი კავკასიონის კალთებზე განლაგებულ ბევრ რაიონში, სვანეთში, ენგურის, ყვირილის, პატარა ლიახვისადა რიონის ხეობებში. მეორე ეკოტიპის პოპულაციაში კი ჭარბობს უფრო გვალვაგამძლე და ადრემომსვლელი, უპირატესად წითელთავთავა ვარიაციები (Tr. rubiginosum Zhuk.). იგი ყველაზე მატედ გავრცელებულია და გაბატონებული ფორმაა და დიკის გავრცელების არეში ქმნნის ნათესთა ძირითად ფონს (მესხეთ-ჯავახეთი, ბაკურიან-ბორჯომის რაიონი, წალკა-თრიალეთი, წართლი, სამხრეთ ოსეთი, ფშავ-ხევსურეთ-მთიულეთი, თუშეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი).

დიკის ერთი სახესხვაობაა (Tr. stramineum Zhuk.) ნათესებში მხოლოდ იშვიათი მინარევის სახითაა დამოწმებული თრიალეთში, რიონის, პატარა ლიახვის, ენგურისა და ყვირილის ხეობებში, ერწო-თიანეთში, დუშეთსა და მანგლის-მარნეულის რაიონებში.

ბიოლოგიურად Tr. ibericum მხოლოდ საგაზაფხულო ფორმაა (ისევე როგორც დოლის პური - საშემოდგომო) და ამიტომაც სახელწოდება დიკა იქცა ზოგადად საგაზაფხულოს აღმნიშვნელ ტერმინად და ამ მნიშვნელობით იგი მსაზღვრელად იხმარება სხვა კულტურათა მიმართაც. მაგალითად, დიკა-ქერი ნიშნავს საგაზაფხულო ქერს. ზოგჯერ გაზაფხულზე დათესილ თავთუხსაც და იფქლსაც დიკის სახელით იხსენიებენ. რეგიონებში კი, სადაც დიკა ბუნებრივი პირობების გამო ერთადერთი კულტივირებული სახეობაა, მის სახელწოდებას ზოგადად ხორბლის მნიშვნელობაც კი მიუღია.

ერთი მხრივ, ფაქტმა, რომ დიკის ნათესებში ხშირად იფქლია გარეული, მეორე მხრივ, კი დიკის თესვის ვადებმა ხელი შეუწყო ხალხურ აგროტექნიკაში ფეხმოკიდებულ ფრიად პრაქტიკულ ხერხს. სახელდობრ, ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია შემთხვევები, როცა საჭირო ხდებოდა ავბედობის შედეგად დაკარგული ხორბლის სამოდგომო ჯიშის თესლის აღდგენა. ამისათვის მეურნე მიმართავდა დიკის შემოდგომაზე თესვას, და თუმცა მოსავალი დიდი არ მოდიოდა, მაგრამ სათესლედ საკმარის მარცვალს მაინც მოიწევდნენ ხოლმე. ამ სასურველ შედეგს აღწევდნენ იმის გამო, რომ დიკის ნათესებში შერეული რბილი ხორბალი ადვილად უბრუნდებოდა თავის თავდაპირველ, საშემოდგომო ბიოლოგიურ ბუნებას და თუ საგაზაფხულო დიკა შემოდგომაზე დათესვისას უნაყოფო რჩებოდა, იფქლისაგან მიღებული მოსავალი იძლეოდა საშემოდგომო პურის თესლის აღდგენის საშუალებას.

საშემოდგომო ხორბლის გავრცელების არეში დიკა იშვიათად ითესება, ისიც, უმთავრესად, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მიზეზის გამო მოცდა საშემოდგომო ნათესი. ამ არეალში იგი ვერავითარ კონკურენციას ვერ უწევს რბილ ხორბალს. ამ უკანასკნელთან შედარებით დიკა უხარისხო, წვრილმარცვალა, მცირემოსავლიანია, თესლი კი მეტი იხარჯება (გაზაფხულზე დათესილ ხორბალს დაბუჩქების სუსტი უნარი აქვს), მოითხოვს ღონიერ ნიადაგებს, მწირ მიწაში მის ნათესს ხშირად ღვარძლი ერევა და პური მათრობელა გამოდის; არაა მაწიერი, ნაკლებძარღვიანი, ფატარია და თონეში კუტად ვარდება. ამიტომაც იგი "ნაწილში არ არის" და საკულტო დანიშნულებითაც არ გამოიყენება, თუმცა კი მისგან ტკბილი და გემრიელი პური ცხვება. სამაგიეროდ, ზონაში, სადაც საშემოდგომო ხორბალი ვერ გვარობს, არა მარტო შედარებით გვალვაგამძლეა, არამედ დაბალი ტემპერატურისა და მომატებული ტენიანობის უკეთ ამტანიც. ამასთან ჟანგისა და სხვა დაავადებათა მიმართ იმუნიტეტის მქონე დიკა დიდად ფასობს მთის მოსახლეობაში. ადგილობრივ ბუნებრივ-ეკოლოგიურ პირობებს შეგუებუკლი დიკა მაღალი მთის ზონის "მთავარი პურია", საკულტო დანიშნულებითაც - "ბეგრად" ის იხმარება. ამ რეგიონებში, როგორც აღინიშნა, იგი რბილ ხორბალთან მინარევისა სახითაა წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი კი აუმჯობესებს მისგან მიღებული პურის ხარისხს, სირბილეს მატებს მას.

ცივი ჰავის პირობებში დიკა უკეთ მოდის ქერთან ცენოზში, ამიტომაც შერეული ნათესის ეს სახეობა - ქერდიკა - ფართოდაა ცნობილი ჩვენს მთიელთა მემინდვრეობაში.

დიკის თესვის ვადებია თებერვალ-მაისს შორის სეზონი გეოგრაფიული გარემოს, სიმაღლის გათვალისწინებით. შედარებით დაბალ ზონაში ადრეული, თებერვლის, ნათესი ითვლება საუკეთესოდ.

ნამდვილი ანუ შიშველმარცვლიანი ხორბლის გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელია მაგარი ხორბალი (Tr.durum), რომელსაც ჩვენში თავთუხი ეწოდება. მეტ-ნაკლებად ბურუსითაა მოცული საქართველოში ხორბლის ამ სახეობის გამოჩენა-გავრცელების საკითხი. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, ეს პურეული დაახლოებით XVII ს-ის დამდეგს ან ოდნავ ადრე უნდა იყოს ჩვენში შემოსული. ლ. დეკაპრელევიჩი თავთუხის ავტოხტონურ ფორმათა განხილვის შედეგად აღიარებს Tr. durum-ის ჩვენში გავრცელების სიძველეს და ვარაუდობს, რომ მაგარი ხორბალი საქართველოში შემოვიდა XVII ს.-ზე გაცილებით ადრე. ელ.მენაბდის აზრით კი, ჩვენში უხსოვარი დროიდან ცნობილი დიკა მთის ჰავის პირობებში წინააზიური მაგარი ხორბლის დივერგენციის შედეგადაა მიღებული. აქედან გამომდინარე, Tr. durum უძველესი დროიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოში. ეს ვარაუდი მართლდება ქვემო ქართლის უკანასკნელი ხანის არქეოლოგიურ აღმოჩენებში დამოწმებული, ძვ. წ. ა. V ათასწლეულით დათრიღებული მაგარი ხორბლის ნიმუშებით. რაც შეეხება ჩვენში ტერმინის - თავთუხი - გავრცელებას, ელ. მენაბდე განაკუთვნებს საქართველოს დაბლობ რაიონებში წინააზიური მაგარი ხორბლის შემოსვლის მეორად პერიოდს. ეს მეორედი პერიოდი, შესაძლებელია, მოდის სწორედ XVII ს.-ზე, რომელსაც ემთხვევა ისტორიული ფაქტი - ქვემო ქართლში თურქულ-ყიზილბაშური ტომების ჩამოსახლება.

თავთუხის გავრცელების მაშტაბები საქართველოში შედარებით მცირეა.შეზღუდულია მისი გავრცელების არე გეოგრაფიული ზონალობის თვალსაზრისითაც. თავთუხი უპირატესად დაბალი ზონის კულტურაა. ძირითადად გვხვდება ზღვის დონიდან 450-800 მ. ფარგლებში. უფრო მაღლა ვერ გვარობს. მისი გავრცელების ზედა ზოლი ემთხვევა ვაზის კულტივირების საზღვარს.

საქართველოში თავთუხი უმთავრესად აღმოსავლეთში გავრცელდა. მის სუფთა ნათესებს გაბატონებული ადგილი უკავია ბოლნის-მარნეულ-გარდაბნის რაიონებში. მეტ-ნაკლები სიხშირით გვხვდება სხვა რაიონებშიც. გარდაბნის რაიონი და თბილისის შემოგარენი მაგარი ხორბლის ფორმაციიდან რბილისაკენ გარდამავალი ზონაა. დასავლეთ საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავეთ საქართველოს არაერთ რაიონში, თავთუხი იშვიათად ითესება და უმთავრესად რბილ ხორბალში მინარევის სახითაა დამოწმებული.

საქრთველოში გავრცელებული თავთუხი ფორმათა მრავალგვარობითაც არ გამოირჩევა. უფრო მეტად გვხვდება თეთრი, შვი ანუ შავთაველა და შავფხა ვარიაციები. აქედან თეთრი თავთუხის სუფთა ნათესები დამოწმებულია, უმთავრესად, მარნეულში. საერთოდ კი ჭარბობს შავთავა და შვფხა ფორმები. სპეციალისტები საქართველოში გამოყოფეწნ თავთუხა ორ ეკო-მორფოლოგიურ ჯგუფს - ე. წ. ზემოქართლულს, ტყე-ველისათვის დამახასიათებელს და ქვემოქართლულს. პირველი აერთიანებს, უმთავრესად, საგაზაფხულო ფორმებს, რომლებიც შემოდგომაზე დათესილის კარგად უძლებს ადგილობრივი ზამთრის პირობებს. გეოგრაფიულად ეს ჯგუფი შეფარდებულია ქართლისა და სამხრეთ ოსეთის მიდამოებთან ზღვის დონიდან 500-900 მ.-ის სიმაღლეზე.

ქვემო ქართლის ჯგუფი წარმოდგენილია ნახევრადსაშემოდგომო და საშემოდგომო ფორმებით, რომლებიც უფრო სარწყავ ადგილებში მოჰყავთ. მორფოლოგიურად და ეკოლოგიურად ისინი ძლიან ახლოს დგას აზერბაიჯანის მაგარ ხორბალთან, საიდანაც სპეციალისტების აზრით არც თუ ისე დიდი ხნის წინათაა შეტანილი.

თავთუხი სამეურნეო თვალთახედვით ხორბლის მეტად საინტერესო სახეობაა. განსაკუთრებით ფასოვანია ამ მხრივ შავფხა და შავი თავთუხი. მათ აქვთ მსხვილი მარცვალი, დიდი, მსუყე, ბარაქიანი თავთავი, რომელიც ხალხური დახასიათებით, ჩიტებივით აზის ღეროს, იძლევა თეთრ ფქვილს და შესატყვისად, თეთრსავე ნამცხვარს, პური გემრიელი ცხვება. მიუხედავად ამ თვისებებისა, თავთუხმა ვერ მოიკიდა ფეხი ჩვენს მიწათმოქმედებაში დამკვიდრებული უძველესი აბორიგებული კულტურების გვერდით. ამის მიზეზია შემდეგი გარემოებანი: ადგილობრივ ჰავის პირობებს ნაკლებად შეგუელბული თავთუხი ვერ უძლებს ამინდის ცვალებადობას. ცხელი ზაფხულისა და თბილი ზამთრის ზონის მცენარე მხოლოდ ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში იძლევა კარგ მოსავალს,ცივი, ნესტიანი და ყინვიანი სეზონის დროს კი ვერ ხეირობს; მოითხოვს კარგ, მდიდარ, ნოყიერ ნიადაგსაც. ღარიბ მიწაში ვერ გვარობს. ამდენად, ჩვენში იგი მოსავლიანობის თვალთახედვით ნაკლებ საიმედო გამოდგა. ამასთან, მისი ხალხური დახასიათებით "შუქიანი" ფქვილისაგან დამზადებული "თვალმახარა", თეთრი და გემრიელი პური კარგია მხლოდ ახალგამომცხვარი, მერე კი მალე შრება და მჭადივით ხმება, რაც აიხსნება მისი ფქვილის შედარებით უძარღვობა-უბეწვობით, ნაკლებ წებოვანებით. ამის გამოა, რომ იგი თონეში ვერ ცხვება. გარდა ამისა, მისი გავრცელების ზონა ემთხვევა ჩვენში ადგილობრივ პირობებს შეგუებული ძველქართული პურის ჯიშის, რბილი საშემოდგომო ხორბლის გავრცელების არეს. თავთუხი არა თუ ვერ უძლებს დოლის პურის კონკურენციას, არამედ, როგორც ზემოთაც აღინიშნა, იჩაგრება კიდეც ამ უკანასკნელისაგან. საყოველთაოდ დამოწმებული ფაქტია მაგარი ხორბლის ნათესების რბილ ხორბლად გადაჯიშების შემთხვევები. ჩვენში თავთუხის როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმებიც კი შემოდგომაზე ითესებოდა, ვინაიდან ანეულის ნათესი უკეთეს მოსავალს იძლეოდა. მაგრამ სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ თავთუხის ნათესი სარევლიანდებოდა ჭვავით ან დოლით და თანდათან ცენოზში მთავარ ადგილს დოლის პური იკავებდა. ამტომაც, თესლის გაახლების მიზნით, თავთუსხ, ამ ორბუნებოვან კულტურას, გაზაფხულზე თესდნენ. საშემოდგომო დოლის პური ნაყოფს ვერ იძლეოდა, იღუპებოდა და ღებულობდნენ თავთუხის სუფთა, განახლებულ თესლს.

თავთუხი გაზაფხულზე ითესებოდა არა მარტო თესლის აღდგენის მიზნით, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ საშემოდგომო ხვნა-თესვის შემდეგ რაიმე მიზეზის გამო შემოდგომიოს ნათესი მოცდებოდა ან საყანური თავიდანვე დაუთესავი, თავისუფალი დარჩებოდა. ეს უკანასკნელი რომ არ გამცდარიყო, გაზაფხულზე თესავდნენ თავთუხს.

თავთუხის შემოდგომაზე თესვის ვადები ემთხვევა რბილი ხორბლისას, ოღონდ თუ დოლის პური ამ მხრივ განსაკუთრებულ ჩარჩოებშია, თავთუხის გვიან შემოდგომაზე თესვაც არაა საგანგაშო.

საქართველოში ხორბლის კულტურის შესახებ ზემომოტანილი მოკლე ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსკურსიდან ჩანს, რომ ჩვენში ცნობილი ხორბლის სახეობანი და ჯიშ-ვარიაციები გარემო პირობათა გათვალისწინებით ექვემდებარება გეოგრაფიული ზონალობის პრინციპს, ამ უკანასკნელთანაა შეფარდებული და შესატყვისად გავრცელებს შემდეგ სურათს იძლევა:

I ზონაში, რომელსაც უკავია დაბლობი და ზღვის დონიდან 750-800 მ.-მდე ადგილები, ბატონობს საშემოდგომო ხორბალი - რბილი (დოლის პური, იფქლი), მაგარი (თავთუხი) და კილიანები (მახა). აქვეა დამოწმებული კილიანი ხორბლის საგაზაფხულო ნორმებიც - ასლი და ზანდური, თუმც ეს უკანასკნელი შემოდგომაზე ითესება (ისევე, როგორც რბილი და მაგარი ხორბლის საგაზაფხულო ვარიაციები).

II ზონა, რომელსაც უკავია 800-1450 მ. შორის მდებარე მთის წინა და მთის ოლქები, რბილი საშემოდგომო (დოლის პური, იფქლი) და საგაზაფხულო (იფქლი, ხულუგო) ხორბლის, აგრეთვე დიკისა და კილიანთა (მახა, ზანდური, ასლი) გავრცელების არეა.

III მაღალმთიან ზონაში კი (1450-2300 მ. ზღ. დონიდან) მოდის მხოლოდ საგაზაფხულო ხორბლეული (დიკა, იფქლი, ასლი), ამიტომაც ეს უკანასკნელი ამ არეალისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობს იძენს და თუ ქვედა ზონებისათვის საშემოდგომო პურეულის გვერდით იგი მხოლოდ დამხმარე ჯიშების სახითაა წარმოდგენილი, მაღალმთიან რეგიონებში (რომელთა გეოგრაფიულ გარემოსთან შეფარდებითაა გამომუშავებული) შეუცვლელი კულტურაა.

ამასთან, ხორბლის საგაზაფხულო, ჩვენს მაღალმთიანეთში გავრცელებული ჯიშების წარმოშობა შორეულ წარსულს განეკუთვნება, რაც თავის მხრივ, უნდა იყოს მოწმობა იმისა, რომ საქართველოში, სადაც ისტორიულად საშემოდგომო (ანუ დაბლობისა და მთის შუა ზოლისათვის დამახასიათებელი) კულტურები იყო პირველადი, მაღალი მთის რეგიონების სამიწათმოქმედოდ ათვისებაც უძველესი დროიდან უნდა მომხდარიყო.


ლიტერატურა

  1. აფაქიძე ა., ბერძენიშვილი ნ., გობეჯიშვილი გ. და სხვ., საქართველოს არქეოლოგია, თბ. 1959.
  2. ბერიაშვილი ლ., მემინდვრეობა, თბ., 1973.
  3. ბრეგაძე ნ., მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, თბ., 1969.
  4. ბრეგაძე ნ., სიტყვის - ყანა- ერთი მნიშვნელობის შესახებ, საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 67, № 1, 1972.
  5. ბრეგაძე ნ., ხორბლის ძველქართული ჯიშები ფერეიდანში. "ძეგლის მეგობარი", №34, 1974.
  6. ბრეგაძე ნ., ხორბლის ლექსიკასთან დაკავშირებით, I, მსე. ტ. XVIII, 1975.
  7. ბრეგაძე ნ., ხორბლის ლექსიკასთან დაკავშირებით, II, მაცნე, № 4, 1976.
  8. ბრეგაძე ნ., აღმოსავლეთ საქართველოს მემინდვრეობასთან დაკავშირებული ეთნობოტანიკა და ხალხური აგრობიოლოგია (ხელნაწ.), 1970.
  9. ბრეგაძე ნ., 1956-1977 წწ. შეკრებილი საველე ეთნოგრაფიული მასალა (ხელნაწ.).
  10. გეგეშიძე მ., სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში, თბ. 1961.
  11. დეკაპრელევიჩი ლ., შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის ზოგი უმთავრესი კულტურის სამეურნეო მნიშვნელობა. "შოთა რუსთაველის ეპოქია მატერიალური კულტურა", თბ. 1937.
  12. თსუ ახალი ქართული ენის კათედრის საარქივო მასალა.
  13. კახიძე ნ., მაჭახლის ხეობა, ბათუმი, 1974
  14. კახიძე ო., პურეულის ლექსიკა ქართულში. საკანდ. დისერტაცია. თბ. 1949.
  15. კეცხოველი ნ., მასალები კულტურულ მცენარეთა ზონების შესასწავლად კავკასიონზე, ტფ. 1928.
  16. კეცხოველი ნ., კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში, თბ. 1960.
  17. ლომოური ი. მარცვლეულის კულტურები, I, თბ. 1946.
  18. მაკალათია ს., თეძმის ხეობა, თბ. 1959.
  19. მაკალათია ს. ფრონეს ხეობა, თბ., 1963.
  20. მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ. 1960.
  21. მენაბდე ვლ., ქართული ხორბლები და მათი როლი ხორბლის საერთო ევოლუციაში,ბოტანიკის ინსტ. შრომები, ტ. XX I, 1961.
  22. ნასყიდაშვილი პ., T. Zhukovskyi-ის რბილი ხორბლის სელექციაში გამოყენების საკითხისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 73, № 2, 1974.
  23. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასის შედგენასთან დაკავშირებული, საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილებაში დაცული საარქივო მასალა.
  24. "შინამრეწველობის მასალები" (ივ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეკრებილი).
  25. შუკვანი შ., მიწათმოქმედების კულტურა სვანეთში, კრებ. "სვანეთი", თბ. 1977.
  26. ჩიტაია გ. იმერეთის ექსპედიცია, ენიმკის მოამბე, II3, 1937.
  27. ჩიტაია გ., ქართული თორნე, "მიმომხილველი", II.
  28. ჩიჯავაძე ნ., სამიწათმოქმედო ყოფის ისტორიიდან აჭარაში, 1972.
  29. ჭინჭარაული ა. ხევსურულის თავისებურებანი, თბ. 1960.
  30. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორია, I, ტფ. 1930.
  31. ჯალაბაძე გ., მემინდვრეობის კულტურა საქართველოში, სადოქტ. დისერტაცია, თბ. 1971.
  32. Барулина Е., Полевые культуры Джавахети, Тр. по прикл. бот. генетике и селекции (ТПБГС), т. 16, в. 2 ,1926.
  33. Бахтадзе И., Результаты обследовании полевых культур Абхазии и Верхней Сванетии, Сухуми, 1927.
  34. Брегадзе Н. А., К вопросу о локализации ареала первичных очагов земледелия в Грузии, СЭ, № 4, 1975.
  35. Брегадзе Н. А., К вопросу об этническом составе насселения Грузии в XVII в. “Кавказский этнографически сборник", VI, М., 1976.
  36. Вавилов Н. И., К познанию мягких пшенис, ТПБГС, т. XIII, № 1, 1923.
  37. Вавилов Н. И., Центры происхождения культурных растений, Избр. Произведения, т. 5, М.-Л., 1965.
  38. Горгидзе А. Д., Филогенетика грузинских эндемных пшениц, Тб., 1977.
  39. Декапрелевич Л. Л., Роль Грузии в происхождении пшениц,., Сообш АН ГССР т. 2, № 10, 1941; т. 3, № 2, 5, 1942.
  40. Декапрелевич Л. Л., Грузинский очаг формообразованиыя пшениц, Сообш. АН ГССР, т. 3, № 7, 1942.
  41. Декапрелевич Л. Л., К выясненмю района возделывания персидской пшеницы, ТПБГС, т. XV, Л., 1925.
  42. Дторофеев В. Ф., Пшеницы Закавказья, Л., 1971.
  43. Жуковский П. М., Систематико-географические данные о хлебных злаках Закавказья, Изв. Тифл. Инст., I, 1924.
  44. Жуковский П. М., Персидская пшеница в Закавказье, ТПБГС, т .13.
  45. Жуковский П. М., Мировой генофонд растений для селекции. Л., 1970.
  46. Жуковский П. М. Культурные растения и их сородичи, Л., 1972, ЭКОСХ, I-III.
  47. Записки науч. Прик. Отд. Тифл. Сада, в. III, 1924.
  48. Комаров В. Л., Происхождение растений, М,. 1961.
  49. Кушнарева К. Х.; Чубинашвили Т. Н., Древние культуры Южного Кавказа, Л, 1970.
  50. Лепин Т. К., К генетической природе озимости у пшеницы, М.- Л., 1966,
  51. Майсурян Н. А., Перерождение пшенис в Закавказье, Изв. Тифл. Политех. Инст., 1926.
  52. Лисицына Г. Н.; Пришепенко Л. В., Палео-этноботанические находки Кавказа и Ближнего Восток,а М., 1977, МИЭБГКЗК, тт I-V.
  53. Менабде В. Л., Материалы по изучению географии хлебных злаков Вост. Грузии в связи с их зональностью, Тб. 1928.
  54. Менабде В. Л., Пшеницы Грузии. Тб., 1928.
  55. Менабде В. Л., Новое в филогении рода, Тг, L .,Сообш. АП ГССР, т. 62, № 2, 1971.
  56. Приходко М., Зональное распределение видов и разновидностей пшеницы в долине р. Арагви, ТПБГС, т. 19, 1928.
  57. Сахокиа М. Ф., Новые данные о некоторых злаках Кавказа, Сообш. АН ГССР, т. 3, № 9, 1942.
  58. Сихарулидзе М. А., Пшеницы Грузии и их седекцыя, Тб., 1968.
  59. Тимофеев С., Опыт сельскохозяйственного районирования Вост. и Зап. Грузии, 1924.
  60. Читая Г. С., Пахотные орудия и системы земледелия в Грузии, М., 1960.
  61. Штирельман В. А., Экологические аспекты неополитической революции в Передней Азии, "Актуальные проблемы этнографии", М., 1973.
  62. Baumont M., Le ble, Paris, 1949.
  63. Flannery Kent V., The Ecology of Early Food Production in Mesopotamia. Peoples and Cultures of Middle East, N.-Y., 1970
  64. Jasny N., The Wheats of Classical Antiquity, Baltimore, 1944.
  65. Mellart J., The Neolithic of the East, London, 1975.

წყარო

  • ნელი ბრეგაძე, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი, მეცნიერება, თბ. 1980, გვ. 46-67