გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კერა

(გადმომისამართდა შუაცეცხლი-დან)
კერა სვანურ მაჩუბში

კერა


სინონიმები: კერია, შუაცეცხლი ქართველი ხალხის ძველ საცხოვრებელ ნაგებობებში (მთის სახლი, დასავლეთ საქართველოს ოდა, დარბაზული სახლი) კერა საცხოვრებლის ცენტრში იყო გამართული. აქ შედიოდა ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი — ყვერბი, პურის გამოსაცხობი ოთხფეხა კერა (სვანეთი), ჯაჭვის ჩამოსაკიდებელი — აყარი და სასანთლე — საკვარე.

  1. ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი მიწურიატაკიანი, ანუ სოხანეიანი საცხოვრებლის ცენტრში (სინ. ყველფი); კერასთან სრულდებოდა სხვადასხვა სახის რიტუალები: პატარძლის წაღმა დაბრუნება, მესისხლეთა შერიგება და სხვა,;
  2. . დედაბოძებს შორის, ორ მეტრ სიგრძესა და მეტრნახევარ სიგანეზე, შუა ადგილას, თხუთმეტიოდე სანტიმეტრის სიღრმეზე ჩაწყობილი ქვის დიდი ლოდები, რომელთაც სიპებს უწოდებდნენ (ფშავი);
  3. . ორ-სამსართულიანი მოხეური სახლის ქვედა სართულზე, სარკმელთან ახლოს, კეთდებოდა, რომ ბოლი უფრო ადვილად გასულიყო, ხოლო ზედა სართულზე კერა - სამყოფოს უმნიშნელოვანესი ელემენტი იყო;
  4. . ზედშედგმული ჯარგვლის მეორე სართულზე, საცხოვრებელ ოთახში, ე.წ. ოდაში, მარცხენა კედლის სიახლოვეს, სპეციალურად მოწყობილ მიწაყრილზე, დადებული ორი ქვა. მიწაყრილი უსაფრთხოების მიზნით ხის ჩარჩოში იყო ჩასმული;
  5. . სვანური ქორის პირველ სართულზე, მაჩუბის, შუა ადგილას მდგარი რკინის ოთხფეხი, (გავრცელებული იყო სხვა კუთხეებშიც), რომელზედაც დადგმულია თხელი ფიქალი ქვა (კა). გამოიყენება პურის საცხობადაც. ჰქონდა საკულტო მნიშვნელობაც (სვანეთი).

საქართველოში უძველესი კერა (გარკვეულად განლაგებული ქვები, ორმო, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობა) გვხვდება ადრინდელი მუსტიეს ხანაში (წოფი, ბრინჯაოს მღვიმე), გვიანდელი მუსტიეს ხანაში (ჯრუჭულის მღვიმე) და ზედა პალეოლითის მთელ რიგ ძეგლებში (დევისხვრელი და სხვა). შელავერში, იმირში და ხრამის დიდ გორაზე (ძვ. წ. VI—V ათასწლეული) ნაგებობებში და ზოგჯერ მის გარეთაც გვხვდება თიხის კერები. ხრამის დიდ გორაზე კერებში ნაპოვნი თიხის ანთროპომორფული ქანდაკებანი (ერთ მათგანში 17). გამომწვარი თიხის კერები გვხვდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრული—ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) ძეგლებში (ოზნი, ქვარაცხელები, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). წრიული ფორმის თიხის გამომწვარ კერას შიგა მხარეს აქვს რამდენიმე შვერილი. კერებს იყენებდნენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად. ამავე დროს ის ოჯახის წმინდა, საკულტო ადგილიც იყო. იქ სრულდებოდა სხვადასხვა რელიგიური რიტუალი, ცდილობდნენ მასში ცეცხლი არ გამქრალიყო. კერები გვხვდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასწისი — I ათასწლეულის დასაწყისი) ნამოსახლარებში (ხოვლეგორა, დიღომი). ფეოდალური ხანის თიხის კერებია ურბნისში (IV—VIII სს.), დმანისში (XI—XII სს.) და სხვა. ქვით ნაგები კერები — არახლოზე (XII—XIII სს.), ქოჩულოში (XII—XIII სს.) და სხვა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მას ზოგჯერ თონე ცვლიდა. საქართველოში თონის მსგავსი უძველესი კერები აღმოჩენილია სამადლოსა და ციხეგორაზე (ძვ. წ. IV—III).


ლიტერატურა:

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.68
  • გ. ჩიტაია, გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, "მიმომხილველი", ტ. 1, 1926
  • მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1961