გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ქართული

ცეკვა ქართული

ქართული (ცეკვა)


ქართული ხალხური ცეკვა. განკუთვნილი წყვილებისათვის. ცნობილი იყო ლეკურის სახელწოდებით. ჩაისახა ქართლსა და კახეთში. მუსიკალური ზომა 6/8. სრულდება საკრავიერი ანსამბლის (დუდუკი, ზურნა, დოლი) თანხლებით. „ქართულის“ კლასიკური ნიმუშია ზ. ფალიაშვილის ოპერებში – „აბესალომ და ეთერსა“ და „დაისში“. წყვილთა ცეკვა „ქართული“-ს ქორეოგრაფიული ნახაზი შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ვარიანტით, ხოლო მისი შინაარსი, სამიჯნურო თემაზე აგებული, უცვლელია.

ცეკვა „ქართული“ სატრფიალო ქორეოგრაფიული პოემაა გარკვეული ფაბულით ჩამოყალიბებული, თხრობაა ქორეოგრაფიული ენით, ქართველი ხალხის ზნეობის და კეთილშობილების გამომხატველი. წორედ ამით ახსნება ის, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებული სიყვარულით და სიფრთხილით ეკიდება ცეკვის ძირითა და ტრადიციულ წესებს. ცეკვა „ქართული ხუთი, ორგანულად ერთიმეორესთან დაკავშირებიული ნაწილისგან შედგება.

I — ვაჟის გამოსვლა და ქალის გამოპატიჟება. II — ქალ-ვაჟის „საცდელი“ სვლა. III — ვაჟის კენტად ცეკვა (სოლო). IV — ქალის კენტად ცეკვა (სოლო). V — ქალ-ვაჟის ერთად ცეკვა (საფინალო ნაწილი)

ცეკვას ვაჟი იწყებს, ქალს გამოიპატიჟებს, ქალი ვაჟს გამოჰყვება და ორივენი წრეშემოვლით მიემართებიან. გზადაგზა ქალი მოხდენილი ხერებით სცდილობს ვაჟი გამოსცადოს. საცდელი სვლის შემდეგ ქალი შეჩერდება, ვაჟი კენტად განაგრძობს ცეკვას, შემდეგ ვაჟი შეჩერდება, ქალი გადადის კენტად ცეკვაზე (სოლოზე). უკანასკნელ ნაწილში ქალ-ვაჟი ერთად ცეკვავენ (ამ ნაწილს თავდაჭერილი შეჯიბრების ხასიათი აქვს).

ცეკვაში ვაჟი მუდამ თავაზიანი და თავდაჭერილია, მაგრამ ამავე დროს მარდი, ფხიზელი, მგზნებარე და მოხდენილი, ქალი - ნაზი, ნარნარი, მოქნილი, მსუბუქი და სახემეტყველი.


წყაროები

  • ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი: რუსულ-ქართული = Толковый словарь по искусству = Explanatory dictionary of art : (Русско-грузинский) / შემდგ.: ა. ყიფშიძე ; [რედ.: ვ. ბერიძე [და სხვ.]]. საგამომცემლო ცნობები თბილისი: განათლება, 1985.