გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურნა

ზურნა

ზურნა


ჩასაბერი საკრავია კონუსური ფორმისა, ამზადებდნენ ჭერმის ხისაგან. სიგრძით 32-38 სმ-ა. ზედა მხარეს 7 თვალი აქვს, ქვედა მხარეს ზედა პირველი თვალის ოდნავ ქვემოთ - ერთი. ზედა მხარეზე, სადაც გაგანიერება იწყება, პატარა წვრილი ნახვრეტია. საკრავი ინკრუსტირებულია მინანქრითა და ლითონის ან ვერცხლის რგოლებით. ზედა ბოლოში ჩასმულია ხის მილაკი, რომლის ბოლო აღწევს მესამე ნახვრეტამდე. ჩაბერვის ადგილას კეთდება თითბრის ღერი. მასზე მაგრდება მრგვალი ან ოვალური ფირფიტა (ძვლის, სადაფის ან ლითონოს), რომელსაც აყრდნობს შემსრულებელი ბაგეებს. ზურნის ლერწამი დუდუკისნაირია, მაგრამ უფრო მოკლე (20 მმ სიგრძის).

ზურნის ბგერათა რიგი დიატონურია, დიაპაზონი - ერთნახევარი ოქტავა. ზურნის ბგერა არის მკაფიო, გამჭოლი, ჭყვიტინა. ზურნაზე დაკვრა ფიზიკურ დაძაბვას, სუნთქვის რეგულირების ფლობას მოითხოვს. შემსრულებელმა დიდხანს უნდა გააგრძელოს ბგერა. ესაა მეზურნის საშემსრულებლო მანერის თავისებურება.

ზურნა, როგორც წესი, საანსამბლო საკრავია, დუდუკის მსგავსად, დუეტში, ერთი მეზურნე (პირველი) - უსტა (ოსტატი) ასრულებს მელოდიას, მეორე - დამქაში - უბანებს გაბმული ბგერით ძირითადი ტონის (ან რომელიმე სხვა საყრდენ) ბგერაზე. დუეტი ზოგჯერ რიტმული ინსტრუმენტებით (დოლი, დაირა) არის შევსებული.

ზურნა პოპულარული საკრავია სომხეთსა და განსაკუთრებით აზერბაიჯანში. იგი ადრე გამოიყენებოდა სამხედრო, სალაშქრო საკრავად. შეუცვლელია სახალხო თამაშობებზე, შეჯიბრებებზე, დოღში, მამლებისა და ყოჩების ჩხუბში და, რაც მთავარია, ქორწილში, სომხებში - დასაფლავებაზეც.

ზურნა XVII-XVIII ს-დან გავრცელდა თბილისში. მოგვიანებით გავრცელდა თბილისის მიმდებარე სოფლებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არაქართული მოსახლეობა იყო.