გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაბახანა

ლეღვთახევის (დაბახანის) თანამედროვე ხედი

დაბახანა


  1. ადგილი, სადაც წარმოებდა ტყავის დამუშავება. საქართველოს დაბა-ქალაქებში თითქმის ყველგან იყო გამართული ტყავის დამუშავების ასეთი ცენტრები, მაგრამ საყოველთაო სახელი ჰქონდა მოხვეჭილი თბილისურ დაბახანებს, რომლებიც განლაგებული იყო გოგირდის ბუნებრივი თბილი წყლების სიახლოვეს, დღევანდელი აბანოების უბანში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დაბახანა წარმოადგენდა ნახევრადღია ფარდულის ტიპის ხის შენობას, რომელშიც დადგმული იყო ხის ან ქვის დიდი აუზები, სადაც ხდებოდა ტყავის დალბობა, დამუშავება და გამოყვანა.
  2. ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობდა ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ახლანდელი კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს). სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო. წყაროებში პირველად მოიხსენიება 1429 წელს. ლეღვთახევი გამოყოფდა თბილისის უძველეს უბანს კალას საკუთრივ ქალაქისაგან (ახლანდელი აბანოების უბანი). გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალალისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან - სახელწოდებაც დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011 წ.