უღელი
უღელი
საზიდ-სახნავ მოწყობილობაში (ურემი, გუთანი, ფარცხი, კევრი და ა.შ.) გამწევი ძალის (ხარი, კამეჩი და ა.შ.) შესაბმელად გათლილი ხის ძელი. დანიშნულების შესაბამისად იყო მრგვალი და დაკუთხული უღლები. იყენებდნენ უმთავრესად 2 ხარის ან 2 კამეჩის შესაბმელად. ამისათვის უღელს უკეთებდნენ საქედურებსა და სატაბიკე ნაჩვრეტებს. მასალად არჩევდნენ ძარღვიან ხეს (იფანი, თელა, ვაშლი). ჯერ ფორმას მისცემდნენ, გაკოპიტების შემდეგ ბოლში გამოჰყავდათ, მერე თლიდნენ და ხვეწავდნენ. უღლები განსხვავდებოდა სიდიდითა და ფორმით. გუთნეულში სახმარი უღელი 3 ტიპისა იყო. საქართველოში იხმარებოდა აგრეთვე ცალი ხარის ან ცალი კამეჩის შესაბმელი უღელი, რომელსაც „მარტუღელა“ ან „ცალუღელა“ ერქვა. უღელი მიწის საზომ ერთეულადაც იხმარებოდა და ერთ დღიურ მიწას გულისხმობდა.
უღელი სხვადასახვა დანიშნულების იარაღებისთვის გამოიყენებოდა. იყო საურმე, სახვნელი, კევრის, მარხილის, საურმე საყევრის,, გუთნის წინა ხარის, ცალუღელი, ხის მორების სათარი, აჩაჩა სახვნელის, ჩოჩიალა ურმის და გუთნის საჯდომის (ტაბ. V, 1). უღლები ერთიმეორისაგან განსხვავდებოდნენ ფორმა-მოყვანილობითა და სიდიდით. განსხვავებას იწვევდა ბუნებრივ-სამეურნეო პირობები და გამწევი ძალის სახეობა. ამის შესაბამისად უღლის სიგრძე მერყეობდა 120 სმ.-დან 300 სმ.-მდე; სიგრძე 8-10 სმ. სისქე 4-8 სმ. უღლის დასამზადებელ მასალად ამჯობინებდნენ თელას, იფანს, მაჟალოს (აღ. საქართველო), წაბლს, მუხას, ვერხვს, ფიჭვს (დასავლეთ საქართველო). ბრინჯაოს ხანის უღლის ნაშთები მუხის ხისაა, როგორც ჩანს, ძველად აღმოსავლეთ საქართველოში მუხის უღლები ყოფილა გამოყენებული (რუკა 6,7,8). საუღლე მასალად ჩამოთვლილი ხის ჯიშების შერჩევა ხანგრძლივი დაკვირვებიდან მომდინარეობს. ”უღლები მოშაობის დროს არ უნდა გახურდეს, რომ ხარს კისერი არ დაეწვას”. საუღლე დანიშნულებით მოჭრილ ხეს სათანადო ზომაზე დააყენებდნენ, გააკოპიტებდნენ და შემდეგ საქედურებს გამოუყვანდნენ. უღელს რომ მეტი გამძლეობა და სიმაგრე ჰქონოდა, გათლილ საქედურებგამოყვანილს კერის აყარზე შემოდებდნენ და ბოლში გამოყავდათ. თუ მისი ხმარება ეჩქარებოდათ, მაშინ ცეცხლზე მოატარებდნენ და ახალი ნაკელით გაგოზავდნენ. რამდენიმე დღის მერე მას გაასუფთავებდნენ, დახვეწავდნენ, სატაბიკე ნაჩვრეტებს გაუკეთებდნენ და უღელი სამუშოდ მზად იყო. ჩვეულებრივ ურემში და სახვნელში სახმარ უღელს 2 საქედური უკეთდება, მაგრამ არის განსხვავებული რეგიონები; მაგ., დასავლეთ საქართველოს მთის ზოლში (იმერეთი) არც ურმის და არც სახვნელის უღელს საქედური არ გააჩნია, აქაურ უღელს მრგვალად გათლიდნენ და ისე ხმარობდნენ. საქართველოში რამდენიმე სახის ურემი იყო გავრცელებული. იყო მ თ უ რ ი, მ თ უ რ ი ჩ ო ჩ ი ა ლ ა (ფრჩხილებიანი), ბ ა რ უ ლ ი, ბ ა რ უ ლ ი ს ა ძ ნ ე, ა ხ ა ლ ც ი ხ უ რ ი ს ა ძ ნ ე, გ ა რ ე კ ა ხ უ რ ი ო თ ხ ბ ო რ ბ ლ ი ა ნ ი და ც ა ლ უ ღ ე ლ ა. შესაბამისად სატრანსპორტო იარაღებისა, უღლებიც განსხვავებული ფორმა-მოყვანილობისა და სიდიდისა მზადდებოდა. საყევრის უღელი ურემში ჩვეულებრივი უღლისაგან ფორმითაც განსხვავდებოდა და სიმძიმითაც. ურმის საყევრის უღელი გუთნის წინა ხარის უღლადაც გამოიყენებოდა. საყევრის უღელს შუაგული დაბლა ჰქონდა ჩაზნექილი, ხოლო კიდეები ანუ მხრები დაკაული-მოქანდული. ქართველი მიწისმოქმედნი უღლის ასეთ ფორმას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან: ერთნი აღნიშნავენ, თითქოს წინა ხარს ამ ფორმის უღელი სილამაზისათვის ჰქონდა დადგმული. მეორეთა შეხედულებით მხრებდაქნილი უღელი ხარს საშუალებას არ აძლევს, რომ წაფორთხილების დროს მიწაზე ყბა დაარტყას. მესამეთა შეხედულებით წინა ხარი, რადგან მეხრე არ უზის უღელზე და არც სხვა გამწევი ძალაა მის წინ ჩაბმული, ა ნ დ ე ბ რ ო ბ ს, ღვედი უღელს უკან ეწევა და ხარს აპეურები ყელში ებჯინება, სიმძიმე კი უღელს სწორად აყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ როცა ასეთი ფორმისა და სიმძიმის უღელი არ ჰქონდათ, წინა უღელზე ქვასაც ჰკიდებდნენ, ხარს რომ უღელი არ ა ე ქ ე დ უ რ ე ბ ი ნ ა. ასეთ ქვას ს ა წ ა ფ ი ქ ვ ა ეწოდებოდა. საყევრის უღელი გავრცელებული იყო ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში. ამ ტიპის უღლები ურმის შემცირებასთან ერთად შემცირდა 1917-1930 წლებში. 1930-იანი წლებიდან კი იგი იშვიათად გამოიყენებოდა. ს ა თ რ ი ე ლ ა ანუ სათარი უღელი, ჩვეულებრივი უღლისაგან სიმოკლით გამოირჩევა. იგი ხშირად უსაქედუროა, მრგვალი ფორმისა, შუაში ჩაზნექილი და სატაბიკეებთან მოქანდული. ცენტრში სატაბიკე ნაჩვრეტის ნაცვლად ორი რიკი აქვს ჩადგმული. იგი გავრცელებული იყო ტყიან ადგილებში (სვანეთი, ბორჯომის ხეობა, გურია). ამგვარ უღლებს იყენებდნენ ტყიდან ხეების გამოსატანად. სახვნელ იარაღებში უღლების სიდიდეს დიდი ყურადღება ექცეოდა. გუთნეულისათვის საჭირო უღლების რაოდენობა მოდგამის გამწევი ძალის ოდენობით განისაზღვრებოდა. გუთნეულის უღლებში სამი ტიპის უღელი იყო წარმოდგენილი: 1. საჯდომი ანუ ბალიშიანი, 2. წასაკრავი და 3. საყევრის უღელი. ს ა ჯ დ ო მ ი ა ნ უ ბ ა ლ ი შ ი ა ნ ი უ ღ ე ლ ი (სურ. 1) დასტურდება ბარის მიწათმოქმედებაში მოქმედ დიდი გუთნის კომპლექსში. ჩვეულებრივი უღლებისაგან იგი იმის განსხვავდებოდა, რომ მეხრის მოხერხებული ჯდომისათვის სიგანე მეტი ჰქონდა. ბალიშიან უღელს მარცხენა მხარე განიერი აქვს, ვიდრე მარჯვენა. ჩვეულებრივ მეხრე მარცხენა მხარეზე იჯდა. მარცხენა მხარე ველის მხარეზე მოძრავი ხარის მხარეს წარმაოდგენდა. ველზე მავალი ხარი 20-25 სმ. მაღლა იდგა, ვიდრე კვალის ხარი, ამიტომ, კვალის ხარი ყოველთვის მეტად იტვირთებოდა. ამ დატვირთვას ველის მხარზე უღელზე მჯდომი მეხრე აწონასწორებდა. IXI ს. ბოლოს ბალიშიანი უღელი მხოლოდ საძირის ხარებს დარჩათ. გუთნის უღლის მეორე ტიპია წ ა ს ა კ რ ა ვ ი ს უ ღ ე ლ ი, რომელიც სწორი ხისაგან ითლებოდა, ჰქონდა გამოყვანილი საქედურები და 5 სატაბიკე ნაჩვრეტი. გუთანში იხმარებოდა მესამე ტიპის უღელი, ე. წ. საყევრის უღელი, მხრებდაქნილი და შუაში ჩაზნექილი. საყევრის უღელი სხვა უღლებთან შედარებით მძიმე იყო. იგი წინა ხარისათვის იყო განკუთვნილი. თუ გუთნეულს წინა ხარისათვის მხრებდაქნილი უღელი არ გააჩნდა, მაშინ უღელს შუაში ჰკიდებდნენ საშუალოდ 8-10 კგ. წონის საწაფ ქვას, რომ ხარს უღელი არ აექედურებინა.
წყაროები
- გ. ჯალაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 193
- გ.ჩიტაია, ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, «მიმომხილველი» 1949, ტ. 1
- საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი. მასალები. მემინდვრეობა. მეცნიერება. თბ.1985. გვ-51-52