გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მეთულუხჩე

14:45, 27 დეკემბერი 2024-ის ვერსია, Paata (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მეთულუხჩე

მეთულუხჩე

მეთულუხჩე იგივე, თულუხჩი, თულუხით წყლის მზიდავი, გამყიდველი ძველ ტფილისში. მეთულუხჩეები ქუჩა-ქუჩა ვაჭრობდნენ წყლით, რომელსაც მუშტარზე ვერცხლის ჯამით ჰყიდდნენ. ჯამი წყალი ერთი კაპიკი; უფრო ადრე - ერთი ბისტი ღირდა. მეთულუხჩეები, ძველ თბილისში, ძირითადად, აისორები იყვნენ. მათ შესახებ გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ: „ვის არ ენახვება ეს მშრომელი, გამრჯელი ხალხი. აისორი წყლის მზიდველი ანუ მეთულუხე ცნობილია მთელს ქალაქში. წყლის ზიდვა ცხენით და ამ ბოლო დროს ბოჭკებითაც, აისორის საყვარელი ხელობაა. თითქო იგი ამ საქმისათვის არის დაბადებულიო. არ აშინებს არც სიცივე, არც ტალახი და არც პაპანაქება სიცხე. ყოველ გვარ ამინდს აისორი, ხშირად უფეხ-საცმელო, „ტოტებ-აკლანწული“ თავისის თულუხებით დასაპალნებულ ცხენით, ერთ ნაირის მუყაითით მიცუხცუხებს წყლის ასავსებისკენ, რომ ყველას თავისს დროზედ მიაწოდოს ეს უსაჭიროესი სასმელი“. იმავე გაზეთში გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო ცნობა „მეთულუხეთა უსტაბაშის“, ანუ უფროსი ოსტატის, ამქრის მეთაურის – „აისორი ვარდუას“ გაქურდვის შესახებ. ვარდუას სადგომი დღევანდელ ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჰქონია, სადაც მთელ თავის ავლადიდებას ინახავდა. ერთ დღესაც, უთენია, ტრაქტირში რომ წასულა ჩაის დასალევად, „დურგლიაანთ ვასუას და გოლას“ უსარგებლიათ და მისი სადგომიდან არა მხოლოდ ნაღდი ფული, არამედ ოქრო, ვერცხლი და ვექსილებიც მოუპარავთ: „სპარსეთის ქვეშევრდომი აისორი ვარდუა თითქმის ოც-და-ათი წელიწადია, რაც ტფილისში ცხოვრობს მეთულუხედ და თხუთმეტ წელიწადზე მეტია, რაც შინ, თავის ცოლ-შვილში, არ წასულა. მთელს თავის ძალას და ღონეს სულ ამ შეძლების მოგროვებას ახმარებდა“.


წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (მთ. რედაქტორი ს. ჭანტურიშვილი), თბ. 2009, გვ.58