ალავერდობა
ალავერდობა
ალავერდის ტაძარში გამართული რელიგიური დღესასწაული (იმართება 28 სექტემბერს, ჯვართამაღლების მეორე დღეს). ნაყოფიერებასა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული. იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) შეიცავდა სინკრეტული რწმენა-წარმოდგენებით შექმნილ დღესასწაულს (წინაქრისტიანული და ქრისტიანული ელემენტებით). ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები.
ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები.
წყარო
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.
- ჯალაბაძე. გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 261-262