გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აკვანი

(გადმომისამართდა ონწე-დან)
ქართული აკვანი. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. XX ს.

აკვანი


სინონიმი: ონწე (სამეგრელო)

ხის სარწევი საწოლი ჩვილისათვის. დგას ბოლოებშემრგვალებულ ფიცრებზე - საგოგავებზე. გავრცელებულია აზიისა და ევროპის ხალხებში. არსებობს სარწევი და საქანებელი. აკვნის პრიმიტიული სახეობაა ე.წ. ხოჭიჭი — საგებლიანი ფიცარი. ნამდვილ აკვანში ჩაწვენამდე ჩვილს ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს ფირცხი ერქვა. საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი აკვნის მოწყობილობაში შედის ნალი, საბანი, მუხლთბალიში, საფერხები, სამხრეულები, საბეწურები, არტახები და სხვა. ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ ჰიგიენურ ნახვრეტში უყრიან შიბაქს ან აფენენ ბუერის, ანწლის, ღოლოს სუფთა ფოთლებს.

ავი თვალისაგან ბავშვის დასაცავად, ხალხური ჩვეულების მიხედვით, აკვანზე კიდებდნენ ავგაროზებს. უშვილობის ან ბავშვის ავადმყოფობის დროს ხატს პატარა აკვანს სწირავდნენ.


წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.
  • ჩიტაია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 249